Aa
Aa

"მე, მხოლოდ ერთ პოზიციაზე ვთამაშობ", - სკოლარი ანელკასა და დროგბას კონფლიქტს იხსენებს

71 წლის ბრაზილიელმა სპეციალისტმა ლუის ფელიპე სკოლარიმ „ჩელსიში“ გატარებული დრო გაიხსენა და დროგბა-ანელკასთან მომხდარ უთანხმოებაზე ისაუბრა.

Yellow and Green Football-თან საუბარში სკოლარიმ უცნობი ისტორია გაიხსენა, რომელმაც მისი ლონდონური კარიერა ნაადრევად დაასრულა:

„გუნდს ტრავმებთან დაკავშირებით შემადგენლობაში პრობლემები ჰქონდა. მე, ჩემი მუშაობის სტილი მქონდა, რომელიც 2 მოთამაშისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ესენი ანელკა და დროგბა იყვნენ“.

სკოლარიმ გაიხსენა ის მომენტი, როდესაც კლუბის მედშტაბს დროგბას მუხლის ტრავმის აღდგენით პროცესთან დაკავშირებით არ ეთანხმებოდა. კოტ’დივუარელმა ფორვარდმა ამის გამო 2008-09 წლების სეზონის სტარტი გამოტოვა. იქამდე კი ანელკამ დროგბასთან ერთად თამაშზე უარი განაცხადა.

„მედშტაბი თვლიდა, რომ დროგბა კანში უნდა გაგვეშვა, რათა მას ტრავმის შემდგომი პროცესი გაეარა. ეს შუა ზაფხულამდე უნდა გაგრძელებულიყო. მე ვფიქრობდი, რომ ის ლონდონში უნდა დარჩენილიყო.

როდესაც დროგბა კანიდან დაბრუნდა, შევეცადე მას და ანელკას ერთად ეთამაშათ. მაშინ ფრანგი ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი იყო. ჩვენ შეხვედრა გვქონდა, რა დროსაც ანელკამ თქვა - მე, მხოლოდ ერთ პოზიციაზე ვთამაშობ.

ცოტა პატივისცემისა და მეგობრობის ნაკლებობა იყო. ორივენი დიდებულები იყვნენ, მაგრამ ერთ-ერთს, როდესაც ბურთი დაიკარგებოდა, მისი დაბრუნებისთვის გუნდს დახმარებოდა და ცოტა სხვაგვარად ეთამაშა.

2018 წელს რუსეთში მე და დროგბა ერთმანეთს შევხვდით და ამის შესახებ ისტორია გავიხსენეთ. მაშინ უკვე ყველაფერზე გახსნილად ვისაუბრეთ.

აქ არ ყოფილა არანაირი ბოროტი განზრახვა არც დროგბას და არც ანელკას მხრიდან, თუმცა ეს მოხდა და მე, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შანსი ხელიდან გავუშვი“.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლა ანელკამ „ჩელსიში“ 2008-2012 წლებში ითამაშა. ფრანგი ფორვარდის მძიმე ხასიათი ყველასათვის ცნობილი ამბავი იყო. სკოლარის წასვლის შემდეგ გუნდი კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა, რომელმაც ეს პრობლემა მარტივად მოაგვარა. ანელკამ თამაში მარჯვენა ფლანგზე მეორე ფორვარდად დაიწყო და დროგბასთან ერთ-ერთი საუკეთესო დუეტიც შექმნა. გუნდმა 2009-2010 წლების სეზონში პრემიერლიგაც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები