ჰარი კეინი, მაიკლ ოუენი
Aa
Aa

ოუენი: კეინის მთავარი ძალა მის ფსიქოლოგიაშია, მან აზრი შემაცვლევინა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ჰარი კეინის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა და მას ისტორიაში უდიდესი ინგლისელი თავდამსხმელი უწოდა.

„რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო ვხვდები, რომ თავდამსხმელებთან დაკავშირებით ვცდებოდი. ჰარი კეინი იმის მაგალითია, თუ რატომ შევიცვალე აზრი. ახალგაზრდობაში ვფიქრობდი, რომ ბომბარდირები უბრალოდ ასეთებად იბადებიან. ვფიქრობდი, რომ შეტევების დაგვირგვინება - ინსტინქტია. ის ან გაქვს, ან არა. შესაძლოა, საკუთარ თავზეც ასე ვფიქრობდი.

შესაძლოა, ეს აბსურდულად ჟღერდეს, ჰარის ყველა მიღწევის გათვალისწინებით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის დაიბადა იმისთვის, რომ გამხდარიყო ის მოთამაშე, როგორიც დღეს არის. სწორედ ამიტომ მომწონს ის. სწორედ ამიტომ ვუწოდებ მას უყოყმანოდ ისტორიაში უდიდეს ინგლისელ თავდამსხმელს.

ზოგიერთ ფეხბურთელს აქვს ტალანტი, რომლის სწავლებაც უბრალოდ შეუძლებელია. წარმოუდგენელი სისწრაფე. კოორდინაცია. ჰარის მთავარი ნიჭი - ფიზიკური კი არა, ფსიქოლოგიურია.

მრავალი წლის წინ კეინთან ერთად დროს ვატარებდი, როცა თავდამსხმელებისთვის მასტერკლასს ვიღებდით. როცა უსმენ მის მონათხრობს ვარჯიშებზე, გამეორებებსა და შეტევების დაგვირგვინების უმცირეს დეტალებზე, სწრაფად ხვდები, რომ შემთხვევით არაფერი მომხდარა. მან ყველაფერს თავად მიაღწია.

ალან შირერიც მას ჰგავდა. და ჰარისაც ზუსტად ასეთივე მენტალიტეტი აქვს. დაუღალავი. შეპყრობილი. აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ თუ სხვებზე მეტს იშრომებს, ყველა დანარჩენზე უკეთესი გახდება.

წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი ლიონელ მესის, ახლა კი კილიან მბაპეს თამაშს - ფეხბურთელების, რომლებიც გაიძულებენ ადგილზე შეხტე, რადგან მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სხვას არავის ძალუძს.

ჰარი ჩემთვის არასდროს ყოფილა ასეთი მოთამაშე - და მაინც ის, ეჭვგარეშეა, საუკეთესო შემსრულებელია მსოფლიო ფეხბურთში“,

- მიიჩნევს მაიკლ ოუენი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები