დედის სიკვდილი მატჩის დროს გაიგო - ეუშტაკიოს მძიმე ისტორია
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მერვედფინალისტი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, კანადის ნაკრები გახდა. ჯესი მარშის მომზადებულ ფეხბურთელებს სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის დამარცხება საკმაოდ გაუჭირდათ, თუმცა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მათი წინააღმდეგობის დაძლევა მაინც მოახერხეს. მატჩის გმირი 29 წლის ფეხბურთელი სტივენ ეუშტაკიო გახდა, რომელსაც ამ წარმატებამდე საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა.
პორტუგალიური წარმოშობის კანადელი ფეხბურთელი ზუსტად ერთი წლის წინ დაობლდა. დედას ესმერალდას შვილი ბავშვობაში ფეხბურთზე დაჰყავდა, ხოლო მამა არმანდო საფრანგეთისა და ინგლისის საზღვართან მოძრავ ბორანზე მუშაობდა, რათა ოჯახი ფინანსურად უზრუნველყო. თავად სტივენი კანადაში დაიბადა, თუმცა როდესაც 7 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ისტორიულ სამშობლოს, პორტუგალიას დაუბრუნდა.
2022 წელს ეუშტაკიო უკვე „პორტუში“ ასპარეზობდა, როდესაც დედამისს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. კლუბის სამედიცინო პერსონალის დახმარებით სტივენმა სცადა მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა, თუმცა დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. რამდენიმე თვეში ესმერალდას მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ლაპარაკი აღარ შეეძლო და 2023 წლის აპრილში ის „პორტუს“ თამაშის დღეს გარდაიცვალა. ეუშტაკიო მოედანზე ისე გავიდა, რომ ეს ამბავი არ იცოდა, თამაშის მიმდინარეობისას კი სტივენის დედის გარდაცვალება მწვრთნელსა და ფეხბურთელებს გააგებინეს, რის შემდეგ გუნდის დამრიგებელმა სერჟიო კონსეისაუმ ის 56-ე წუთზე შეცვალა.
მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელებმა ეუშტაკიოს ორკვირიანი დასვენება შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და მაშინვე ფეხბურთს დაუბრუნდა. სტივენს არ სურდა სახლში ფიქრებთან მარტო დარჩენა და გარდა ამისა, უნდოდა მამის ხათრით ფეხბურთისთვის მთელი ცხოვრება მიეძღვნა, რომელსაც მის კარიერულ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვოდა. არმანდო სტივენის მატჩებს ესწრებოდა, რომელთა დასრულების შემდეგაც სხვადასხვა ეპიზოდებზე დიდხანს საუბრობდნენ.
2024 წლის გაზაფხულზე სტივენის მამამ მხარში ძლიერი ტკივილები იგრძნო, თუმცა საავადმყოფოში მისულს ექიმებმა უთხრეს, რომ სერიოზული არაფერია. ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში არმანდო გულის შეტევით გარდაიცვალა. ერთწლიან მონაკვეთში ეუშტაკიომ ორივე მშობელი დაკარგა, რის შემდეგაც ის თითქოს საკუთარ თავში ჩაიკეტა, მაგრამ საფეხბურთო პროგრესი არ შეუწყვიტავს და ცხოვრებაშიც ნუგეში იპოვა, რადგან მამის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ქალიშვილი შეეძინა.
როგორც ეუშტაკიო აცხადებს, მშობლების უეცარი გარდაცვალებიდან გამომდინარე, თითოეულ თამაშსა და ვარჯიშზე ისეთი განწყობით გადის, რომ შეიძლება ეს თამაში თუ ვარჯიში უკანასკნელი იყოს. სამხრეთ აფრიკა-კანადის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ კი, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად დიდი იყო მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მშობლების წვლილი, თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.