ოპერაცია ჩაუტარდა - პარეირა საავადმყოფოში იმყოფება
ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლოს ალბერტო პარეირა საავადმყოფოშია. 83 წლის სპეციალისტი კლინიკაში თორმეტი დღის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო გადაიყვანეს, რადგან პნევმონია განუვითარდა და გუშინ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
პარეირას მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჯერჯერობით მაინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება და აპარატის დახმარებით სუნთქავს. ცნობილ მწვრთნელს მსგავსი ჩივილები ადრე არ აწუხებდა და მისი მდგომარეობა მხოლოდ ერთი თვის წინ დამძიმდა. როდესაც სახლის პირობებში მკურნალობა შეუძლებელი გახდა, ოჯახის წევრებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა ამჯობინეს.
ცნობისათვის, კარლოს ალბერტო პარეირა ბრაზილიის ნაკრებს 1983-1984, 1991-1994 და 2002-2003 წლებში ამზადებდა, ყველაზე დიდ წარმატებას კი 1994 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუნდიალზე მიაღწია, როდესაც მისი ხელმძღვანელობით სელესაო მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აქვე გეტყვით, რომ 1970 წელს, ბრაზილიელთათვის კიდევ ერთ ტრიუმფალურ პლანეტის პირველობაზე, პარეირა მარიო ზაგალოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.