„ისეთი დაუცველები ვართ, როგორც არასდროს“ - შაფათავას პეტიციას უკვე 1000-მდე ხელმომწერი ჰყავს
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  17:23

„ისეთი დაუცველები ვართ, როგორც არასდროს“ - შაფათავას პეტიციას უკვე 1000-მდე ხელმომწერი ჰყავს

"მე კიდევ შეიძლება რაღაც თანხა მაქვს, მაგრამ ვიცნობ ბევრ ისეთ ჩოგბურთელსაც, ვისაც ერთი, ორი ან მეტი კვირის შემდეგ საკუთარი თავის მიხედვა გაუჭირდება. ასევე ბევრს მოუწევს კარიერა დაასრულოს, რადგან საჩოგბურთო აქტივობებისთვის ცენტიც აღარ დარჩება.

თითოეული ჩვენგანი ახლა თავს დაუცველად გრძნობს ისე, როგორც არასდროს. თანაც, ვიცით, რომ ეს კონკრეტულად არავის პასუხისმგებლობა არაა. საშინელი შეგრძნებაა". - განუცხადა ცნობილ ბრიტანულ სააგენტო PA news agency-ის სოფია შაფათავამ.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით პეტიცია შექმნა. მთავარი მიზანია, იმ დროის განმავლობაში, სანამ ტურნირები და აქტივობები განახლდება, ჩოგბურთელებმა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან (ITF) ფინანსური დახმარება მიიღონ.

შაფათავა 19 მარტს წერდა: „ყველა პროფესიონალი ჩოგბურთელისთვის შეჯიბრებები შეჩერებულია და მხოლოდ უსაქმოდ დარჩენილ ტოპ მოთამაშეებს შეუძლიათ, თვეების განმავლობაში უზრუნველად იცხოვრონ, დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელები კი ზარალდებიან. ბევრს ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ 3 თვე ტურნირებზე არ ითამაშოს, შემდეგ კი საქმეს ჩვეულებრივად დაუბრუნდეს. ჩოგბურთთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიები მოთამაშეების უნდა დაეხმარონ. ჩვენ ვიხდით კომუნალურ თუ საშემოსავლო გადასახადებს, ლიცენზიის თანხას, ტურნირების გარეშე დარჩენა კი საქმეს ძალიან გვირთულებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველა ადამიანისთვის რთული პერიოდია, დახმარება და მხარდაჭერა ჩვენც ძალიან გვჭირდება. ნებისმიერი სახისა და მასშტაბის დახმარება უმნიშვნელოვანესია“.

ქართველმა სპორტსმენმა ამ წარწერით პეტიცია 1 კვირის წინ შექმნა, ხელმომწერთა რაოდენობამ გუშინ 750-ს მიაღწია, ხოლო დღეს თითქმის 1000-ია. ცნობილი ბრიტანული სააგენტო PA news agency შაფათავას ამ თემის შესახებ გაესაუბრა.

„ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ბევრი საუბარი მქონდა, მათ უახლოეს თვეებში გეგმების შესახებ ველაპარაკებოდი. დაბალი დონის ჩოგბურთელებს არ აქვთ დანაზოგი და ეს ძალიან რთული საკითხია.

როგორც წესი, ასეთი ტიპის მოთამაშეები შემოსავალს მატჩებით, წვრთნებითა და ტურნირების საპრიზო თანხებით იღებენ, ახლა კი, რადგან ქვეყნების საზღვრები დაკეტილია, დამატებითი შემოსავალი არ არსებობს - არანაირი წესი არ გვიცავს და ჩვენზე არც ვინმე ზრუნავს. ნამდვილად შეშფოთებული ვარ. ვიცი, რომ ასე მხოლოდ მე არ ვარ, პეტიცია გაარკვევს თუ რამდენი ვართ.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ მსოფლიოში ახლა უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე ჩოგბურთია და ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ ახლა ყველა ერთი დიდი გლობალური პრობლემის წინაშეა, სხვა პრობლემები არ უნდა დაჩრდილოს.

WTA-ს, ATP-ისა და ITF-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ყველა საჩოგბურთო ტურნირი და აქტივობა 7 ივნისამდე შეწყვეტილია, თუმცა განახლდება თუ არა გათამაშებები ამ თარიღის შემდეგ, ჯერჯერობით, ესეც არავინ იცის.

შაფათავას პეტიციისა და ჩოგბურთელთა ამ პრობლემის შესახებ უკვე არაერთმა წამყვანმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა, მათ შორის: Guardian-მა, Eurosport-მა, tennisworldusa-მ, givemesport-მა, Yahoo Sports-მა, Evening Express-მა და სხვა.

პეტიციაზე ხელის მოწერა და ჩოგბურთელთა დახმარება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია - დააჭირე აქ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები