ქეცბაია დაუშვილზე: ''უარის თქმა არ შემეძლო, ღამე არ ეძინა, ოჯახი ენატრებოდა''
Aa
Aa

ქეცბაია დაუშვილზე: ''უარის თქმა არ შემეძლო, ღამე არ ეძინა, ოჯახი ენატრებოდა''

''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ რადიო sport-fm-თან ბუბა დაუშვილის შესახებ ისაუბრა. ''ნიუკასლისა'' და ''ვულვზის'' ყოფილი თავდამსხმელი აღნიშნავს, რომ დაუშვილს ოჯახისგან შორს ყოფნა უწევდა და მას სამშობლოში გამგზავრების უფლება მისცა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია. ასევე, შეწყვეტილია ''ანორთოსისის'' სავარჯიშო პროცესი.

''დაუშვილის ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ, ბუბა მარტო იყო და ცხადია ოჯახთან ერთად ყოფნა სურდა. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ საქართველოში გამგზავრება სურდა, მას ღამეები არ ეძინა, შვილები ენატრებოდა. მისთვის უარის თქმა არ შემეძლო, ასეთ ვითარებაში საქართველოში გამგზავრებას ვერ ავუკრძალავდი. უნდა მეთქვა რომ კლუბთან კონტრაქტი გაქვს და არ წახვიდეთქო? ეს არ შემეძლო.''

View this post on Instagram

ყველაფერი კარგად იქნება❤️

A post shared by Eko-buba Daushvilebi (@ekobuba) on Mar 18, 2020 at 12:35pm PDT

ბუბა დაუშვილი საქართველოში ტრავმირებულ ჯანო ანანიძესთან ერთად გაემგზავრა. ორივე მათგანი სახლში 14 დღეს გაატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის კომენტარი ბერძნულ მედიაშიც გავრცელდა. ქეცბაიას კომენტარს sdna.gr ავრცელებს.

''ვიღაც ჭკვიანი ადამიანები ფიქრობენ, რომ 2019-20 წლების სეზონი უნდა გაუქმდეს. გასაოცარ რამეს ამბობენ, რომ თითქოს ახალ სეზონში იმ გუნდებმა უნდა ითამაშონ ევროთასებზე, რომლებმაც ამის უფლება 2018-19 წლების სეზონში მოიპოვეს. ეს აღმაშფოთებელია.''

შეგახსენებთ, ''ანორთოსისი'' და ''ომონია'' კვიპროსის ჩემპიონატს ლიდერობენ, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე გათამაშების განახლების თარიღი უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები