Aa
Aa

კორონავირუსი - ლეიკერსში ორი კალათბურთელია ინფიცირებული, ბოსტონში - ერთი

„ლეიკერსის“ ორ კალათბურთელს, რომელთა ვინაობაც უცნობია, კორონავირუსი დაუდგინდა. ლოს ანჯელესურმა გუნდმა რამდენიმე მოთამაშეს ტესტი ოთხშაბათს ჩაუტარა და პასუხები დღეს მიიღო.

გამთენიისას „ლეიკერსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კალათბურთელებს სიმპტომები არ აღენიშნებათ და ისინი კარანტინში იმყოფებიან.

ESPN-ის მიხედვით, კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ, „ლეიკერსი“ სავარაუდოდ ტესტს ყველა კალათბურთელსა და თანამშრომელს ჩაუტარებს.

„ლეიკერსის“ მოთამაშეების გარდა, COVID-19 „ბოსტონის“ უკანახაზელს, მარკუს სმარტსაც დაუდასტურდა. ამ უკანასკნელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას დიაგნოზის შესახებ ამცნო. სმარტმა განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება და მოსახლეობას მოუწოდა COVID-19-ს მთელი სერიოზულობით მოეკიდნონ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი „ფილადელფიასა“ და „დენვერის“ წარმომადგენლებსაც დაუდგინდათ. „სევენთი სიქსერსში“ 3 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო „ნაგეთსში“ – 1. ჯერჯერობით უცნობია ისინი კალათბურთელები არიან, სამწვრთნელო შტაბის წევრები, თუ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები