Aa
Aa

„ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო" - UFC-მ სამი ღონისძიება გადადო

UFC-მ კორონავირუსის პანდემიის გამო, სამი ღონისძიება გადადო. მიღებული გადაწყვეტილება UFC-ის მომსახურე პერსონალს კომპანიის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეატყობინა.

უაითის თქმით, UFC-მ მაქსიმუმი გააკეთა, რათა 21 და 28 მარტს და 11 აპრილს გასამართი ღონისძიებები არ გადადებულიყო, თუმცა თეთრი სახლის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდეგ, განრიგის შეცვლა აუცილებელი გახდა.

ESPN-მა უაითის მიერ გაგზავნილი წერილის ასლი მოიპოვა, რომელშიც ვკითხულობთ: „ამ საქმეში 20 წელია ვმოღვაწეობ და გამოსავალს ყოველთვის ვპოულობდით, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენთვის თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. სწორედ ამიტომ UFC-ის ყველა ოფისი დაიხურება და მომსახურე პერსონალი დისტანციურ მუშაობაზე გადავა. ამასთან ერთად, მომდევნო სამი ღონისძიებაც გადაიდება. UFC 249-ს რაც შეეხება, ამ ღონისძიების გადადება არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა მისი ჩატარების ადგილი შეიცვალოს“.

შეგახსენებთ, რომ UFC 249-ის ფარგლებში ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა უნდა გაიმართოს. აღნიშნული შერკინება უკვე ოთხჯერ გადაიდო და არის შანსი მეხუთედაც იგივე მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები