იარაბეკი: "შანსები 60/40-ზეა"...
დღეს, თბილისის დროით 19 საათზე, ერევანში, "ჩემპიონთა ლიგის" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, თბილისის "დინამო", "ალაშკერტს" ესტუმრება და ორბურთიანი უპირატესობის განმტკიცებით, შემდეგ რაუნდში გასვლას შეეცდება.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მართალია, პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ბრძოლა არ დამთავრებულა. თბილისშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ ვითამაშეთ მხოლოდ ერთი ტაიმი. მეორე ტაიმი შედგება დღეს. დიდ ბრძოლას ველით, შანსები კი, "დინამოს" სასარგებლოდაა 60/40-ზე".
"სომხები აუცილებლად შეეცდებიან, გოლი პირველ 30 წუთში გაგვიტანონ, ჩვენ კი ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ის კი არა, დაუშვებელია, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვიფიქროთ, ჩვენ აქ გოლის გასატანად ჩამოვედით".
"შპიჩიჩმა და ველევმა ტრავმები მიიღეს, მაგრამ "დინამოში" არის იმის რესურსი, რომ ისინი სათანადოდ შევცვალოთ".
"რაც შეეხება "დინამოს" მიზნებს, მას ბევრი ამოცანა აქვს, ერთ-ერთი კი, "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში, რაც შეიძლება შორს გასვლაა". - განაცხადა იარაბეკმა.
შეხვედრა, როგორც ზემოთ აღინიშნა, 19 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" შემოგვთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისურმა გუნდმა პირველი მატჩი კიტეიშვილისა და ქვილითაიას გოლებით, 2:0 მოიგო.