Aa
Aa

ფრთხილი და უსახური ბრძოლა - ადესანიამ ქამარი შეინარჩუნა!

გამთენიისას UFC-ში რამდენიმე საინტერესო ბრძოლა შედგა. გიგა ჭიკაძის გამარჯვების შესახებ უკვე მოგახსენეთ. ლას ვეგასში საშუალო წონით კატეგორიაში ისრაელ ადესანია იოელ რომეროს დაუპირისპირდა და ქამრის შენარჩუნება შეძლო.

მოლოდინი უდიდესი იყო, თუმცა ბრძოლა საკმაოდ ფრთხილად და უსახურად წარიმართა. ადესანია დისტანციაზე იბრძოდა და კუბელ მეტოქესთან ახლოს მისვლას არ ცდილობდა, რადგან რომეროს სტილი სწორედ ეს გახლავთ. ის ჭიდაობის ილეთს ხშირად იყენებს და მეტოქეს ახლო მანძილიდან ძლიერ დარტყმებს აყენებს.

საბოლოოდ 5 რაუნდი ვიხილეთ, რომლებსაც მაყურებელთა სტვენა მოჰყვა. პუბლიკა აშკარად უკმაყოფილო დარჩა. არბიტრებმა მცირე უპირატესობა ადესანიას მიანიჭეს და გამარჯვებაც მას დარჩა.

უკმაყოფილო იყო რომერო, რომელმაც მეტოქეს უსაყვედურა და განაცხადა, რომ ის ოქტაგონზე უბრალოდ სირბილისთვის იყო მისული და არა ბრძოლისთვის.

ისრაელ ადესანიამ გამარჯვების შემდეგ მორიგი ბრძოლა დაანონსა და განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე მასავით დაუმარცხებელი ბრაზილიელი პაულო ლა კოსტა იქნება.

მათ შორის ურთიერთობა უკვე დაძაბულია. როგორც მოგეხსენებათ, ბრძოლამდე ერთ-ერთი ინტერვიუსას „ლასთ სთაილბენდერმა“ იოელ რომეროს შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „რომეროს იმდენჯერ შევეხები რამდენჯერაც საჭირო იქნება და საბოლოოდ იგი ისე ჩამოინგრევა, როგორც ტყუპი კოშკები“.

ადესანიამ ამის შემდეგ ბოდიში საჯაროდ მოიხადა, თუმცა კოსტამ ის მაინც დაუნდობლად გააკრიტიკა: „ისრაელ ადესანია, შენ ამაზრზენი პიროვნება ხარ. როგორ ბედავ გამოიყენო ხუმრობა, რომლითაც ტრაგიკულად დაღუპული ათასობით ადამიანისა და გმირი მეხანძრეებისა და პოლიციელების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავ. მე შენ აუცილებლად მოგკლავ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები