Aa Aa
5 მარტი 2020  |  09:32

მამუკელაშვილის 20-ქულიანი ორმაგი დუბლი - სანდრომ სეტონ ჰოლს ულიდერა

გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „ვილანოვას“ უმასპინძლა და 2 ქულით, 77-79 დამარცხდა.

მატჩი „უაილდქეთსის“ კარნახით დაიწყო. სტუმრებმა პირველი ტაიმი 33-30 მოიგეს და მეორე ნახევარში 14-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა „სეტონ ჰოლმა“ თამაშში დაბრუნება მოახერხა. „მეკობრეებს“ საფინალო სირენასთან ერთად, გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ მაილს კეილის სამქულიანმა მიზანს არ უწია.

სანდრო მამუკელაშვილმა „ვილანოვას“ წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და 29 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. „მამუმ“ მეტოქის ფარს შესაშური პროცენტით შეუტია და 4-დან 3 სამქულიანი, 6-დან 5 ორიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელის გარდა, „სეტონ ჰოლის“ რიგებში 16 ქულით ქუინსი მაკნაითი გამოირჩა. „მეკობრეების“ ერთ-ერთმა  ლიდერმა, მაილს პაუელმა კი 18-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 14 ქულას დასჯერდა.

„ვილანოვასთან“ მარცხის შემდეგ, „სეტონ ჰოლს“ BIG East-ის კონფერენციაში 13 მოგება და 4 წაგება აქვს. „მეკობრეებს“ მომდევნო შეხვედრაში რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ და უშუალო კონკურენტს, მეორეადგილოსან „კრეიტონს“ დაუპირისპირდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JETX მარათონი