Aa
Aa

გოგამ 2 ქულა ჩააგდო - ინდიანამ პორტლენდი დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა საკუთარ კედლებში დემიენ ლილარდის გარეშე მოასპარეზე „პორტლენდი" 106-100 დაამარცხა.

ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, მაკმილანის შეგირდებს სასურველი შედეგის მიღწევა გაუჭირდათ. მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე, „ინდიანას" უპირატესობა სულ რაღაც 3 ქულა გახლდათ, თუმცა ბოლო შეტევაში მაილს ტერნერმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და „ტრეილ ბლეიზერსი" უშანსოდ დატოვა.

„პორტლენდთან" მატჩში გოგა ბითაძემ პარკეტზე 6 წუთი და 40 წამი გაატარა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ ორი სამქულიანი გააფუჭა და 1 ორქულიანი ჩააგდო.

„ინდიანამ" კი ამჯერადაც გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა. „პეისერსის" რიგებში 10-ქულიანი ნიშნული 6-მა მოთამაშემ გადალახა. ყველაზე შედეგიანი კვლავ დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 20 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა. მალკოლმ ბროგდონი 17 ქულით გამოირჩა, ხოლო ვიქტორ ოლადიპო და ტი ჯეი უორენი 15-15 ქულას დასჯერდნენ.

„ტრეილ ბლეიზერსის" დამარცხების შემდეგ, „ინდიანას" 35 მოგება და 24 წაგება აქვს. „პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 1 მარტს, სტუმრად, „კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები