ტრაგედია პილოტის დაუდევრობით მოხდა?! - ბრაიანტის მეუღლემ ავიაკომპანიას უჩივლა
Aa
Aa

ტრაგედია პილოტის დაუდევრობით მოხდა?! - ბრაიანტის მეუღლემ ავიაკომპანიას უჩივლა

ვანესა ბრაიანტმა კომპანია Island Express-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლეგენდარული კალათბურთელის მეუღლე იმ ვერტმფრენის მფლობელ კომპანიას უჩივის, რომელში ყოფნისასაც მისი ქმარი და 13 წლის შვილი დაიღუპნენ.

სარჩელში წერია, რომ აფრენა მხოლოდ განსაკუთრებული წესით შეიძლებოდა, რადგან ნორმალური მოქმედებისთვის ხელსაყრელი პირობები იმ მომენტში არ იყო. ასევე, ნისლი ხილვადობას დაბალ სიმაღლეზეც ართულებდა, შეჯახებამდე კი პილოტი 180 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

შესაბამისად, სარჩელში აღნიშნულია, რომ პილოტმა ამინდის შესახებ ზუსტი ცნობების მოპოვება და უკვე ფრენისას მისი დროულად შეწყვეტა ვერ მოახერხა, ასევე ვერ შეინარჩუნა ძრავაზე მართვა და ბუნებრივ დაბრკოლებებს ვერ გაუმკლავდა.

ვანესა ბრაიანტი სარჩელით მოითხოვს, რომ იმ ემოციური ტრავმისთვის, რომელიც კობიმ და ჯიჯიმ კატასტროფის ბოლო წუთებში მიიღეს, ზარალი ანაზღაურდეს. ამ პუნქტს თან ერთვის წინადადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ პილოტმა ჯორჯ ზობაიანმა 2015 წელს დისციპლინის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო - საქმე მაშინაც დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენას ეხებოდა.

სარჩელი ასევე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას შემდეგი ფაქტორების საკომპენსაციოდ: სიყვარულის, სითბოს, მზრუნველობის, მხარდაჭერის, კომფორტის, ურთიერთობის, მეგობრობისა და მორალური ზიანის, რასაც ფინანსური დანაკარგისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაც ემატება.

კომპანიაში ავიაკატასტროფას უბედურ შემთხვევას უწოდებენ და პილოტის ბრალეულობასაც უარყოფენ. ბრაიანტების ოჯახს კი იმის დამტკიცების სურვილი აქვს, რომ ყველაფერი დაუდევრობისა და არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები