ჩემპიონთა ლიგა და ბარსელონა - რა არის ბლაუგრანას მთავარი პრობლემა?
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა და ბარსელონა - რა არის ბლაუგრანას მთავარი პრობლემა?

ესპანურმა გამოცემა, Marca-მ „ბარსელონას“ შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ყურადღება გაამახვილა პრობლემაზე, რომელიც „ბლაუგრანას“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაში ხელს უშლის.

„ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სტუმრად გოლის გატანა აუცილებელია. მეტოქე გუნდების კარი ყველა გასვლით შეხვედრაში უნდა ავიღოთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ბოლოს, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, სტუმრად გამართულ ყველა მატჩში შევაგდეთ. გარდა იმისა, რომ მეტოქეებზე ერთი თავი მაღლა ვიდექით, გოლი ყოველთვის გაგვქონდა“. 

ეს სიტყვები ლიონელ მესის ეკუთვნის და „ლა პულგას“ განცხადება სრული ჭეშმარიტებაა. ბოლო რამდენიმე წელია „ბარსელონას“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფლეიოფში სტუმრად გოლის გატანა ძალიან უჭირს. 2015 წლის შემდეგ, გუნდებს, რომლებმაც „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვეს, საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრებში „ბლაუგრანასგან“ გოლი არ მიუღიათ. „ბარსელონამ“ სტუმრად „ატლეტიკოს“ (2016-ში 2-0) „იუვენტუსს“(2017-ში 3-0), „რომას“ (2018-ში 3-0) და „ლივერპულს“ (2019-ში 4-0) ვერ გაუტანა. მათგან კი 12 ბურთი მიიღო, რაც კატასტროფული შედეგია.

მართალია, „ბარსელონას“ მეტოქეებისთვის „კამპ ნოუ“ აუღებელი ციხესიმაგრეა, მაგრამ კატალონიურ გრანდს გასვლაზე მაღალ დონეზე ასპარეზობა ძალიან უჭირს. 2015 წლის შემდეგ, „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფის ეგიდით გამართულ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში 9-ჯერ მიიღო მონაწილეობა და სტუმრად მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. რეალურად კატალონიელებმა 3 ბურთი შეაგდეს. ერთი გოლის ავტორი ლუკ შოუ გახლავთ. და იცით, დანარჩენი სამი ვის ანგარიშზეა?! რა თქმა უნდა ლიონელ მესის. ესეც კიდევ ერთი პრობლემა! გასვლაზე „ლა პულგას“ გარდა, მოწინააღმდეგე გუნდების კარის აღება, „ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელისთვის ჯერჯერობით გადაულახავი დაბრკოლებაა.

„ბლაუგრანას“ სტუმრად სასურველი შედეგის მიღწევა რომ უჭირს, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაშიც კარგად ჩანს. „ბარსას“ გასვლით მატჩებში შესაძლო 36-დან მხოლოდ 18 ქულა აქვს აღებული.

ხვალ სეტიენის გუნდს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. გატუზოს მისვლის შემდეგ, „ნაპოლი“ პროგრესის გზაზეა, თანაც „ბარსელონა“ ნეაპოლში დანაკლისით ჩადის. „ეიბართან“ გამართული მატჩი „ბარსას“ ქომაგებს ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს, თუმცა თუ „ბლაუგრანას“ მოთამაშეებმა სტუმრად ვერ მოუმატეს, დიდი შანსია სერიოზული პრობლემები შეექმნათ. -წერს Marca.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ამ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივი გულშემატკივრების უმრავლესობამ Marca გააკრიტიკა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები