უესტბრუკის მორიგი სამმაგი დუბლი - „ბროდი
Aa
Aa

უესტბრუკის მორიგი სამმაგი დუბლი - „ბროდი" „მეფეს" გაუთანაბრდა

რასელ უესტბრუკმა ყოფილ გუნდთან, „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ სამმაგი დუბლი გაიფორმა და ლებრონ ჯეიმსს გაუთანაბრდა. „ბროდი“ NBA-ს ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ტრიპლ-დაბლი 30-ვე გუნდის წინააღმდეგ მიითვალა.

„ოქეისისთან“ გამართულ შეხვედრაში „ჰიუსტონის“ გამთამაშებელმა აქტივში 32 ქულა, 11 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. რასელმა 24-დან 16 ტყორცნა გამოიყენა და 2 ჩაჭრაც დააგროვა.

უესტბრუკის წარმატებული თამაში მიუხედავად „როქეთსმა“ დასანანი მარცხი განიცადა. ტექსასელები მეოთხე მეოთხედის სტარტზე 16-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გადამწყვეტი თორმეტწუთეული საშინლად ჩაატარეს, 41 ქულა მიიღეს და საბოლოოდ 107-112 წააგეს.

უესტბრუკის გარდა „ჰიუსტონის“ მხრიდან 29 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა, თუმცა „წვერამ“ კატასტროფული შედეგი დააფიქსირა და 17-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო. გამარჯვებულთა რიგებში კი საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც აქტივში 28 ქულა ჩაიწერა. „სიპი3-ს“ მხარი დანილო გალინარიმ აუბა და 25 ქულა დააგროვა ხოლო დენის შროდერი 23 ქულით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ „როქეთსმა“ მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. მაიკ დენტონის ბიჭებს 26 მოგება და 16 მარცხი აქვთ და მომდევნო შეხვედრაში „დენვერს“ დაუპირისპირდებიან. „ოკლაჰომას“ რაც შეეხება, „თანდერი“ მეშვიდე პოზიციას იკავებს და წარმატებული სვლის გაგრძელებას „ორლანდოსთან“ გასამართ გასვლით მატჩში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები