Aa Aa
20 იანვარი 2020  |  10:13

სეტიენის სადებიუტო მატჩი და „გრანადას" ფეხბურთელის მიერ გაკრიტიკებული მსაჯები

კიკე სეტიენმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრა გამართა. ესპანელი სპეციალისტის ბიჭები „კამპ ნოუზე“ „გრანადას“ დაუპირისპირდნენ და 1-0 იმარჯვეს.

„ბლაუგრანა“ მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ მომენტის შექმნა უჭირდა. 69-ე წუთზე „გრანადა“ 10 კაცით დარჩა, რაც საბოლოოდ დიეგო მარტინესის გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ანგარიში 76-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა. „ლა პულგამ“ არტურო ვიდალის გადაცემა გამოიყენა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

სეტიენი „ბარსას“ გამოსვლით კმაყოფილი დარჩა და შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ვფიქრობ კარგად ვიასპარეზეთ. პირველ ტაიმში დამაჯერებლობა გვაკლდა. გრანადა თავს კარგად იცავდა და მომენტების შექმნა ძალიან ძნელი იყო. თანაც ქარიანი დღე და მშრალი მინდორი ბურთის მოძრაობას ხელს უშლიდა.

კმაყოფილი ვარ, რადგან პირველ ნახევარში მეტოქეს მხოლოდ ერთხელ დავარტყმევინეთ. მეორე ტაიმში კი მათ მომენტი ჩვენი შეცდომის შედეგად შექმნეს. ვფიქრობ ბევრი რამ მაღალ დონეზე შევასრულეთ და იმედი მაქვს დამაგვირგვინებელ ფაზაში ნელ-ნელა მოვუმატებთ“.

მატჩის შემდეგ ესპანურ პრესას „გრანადას“ ფეხბურთელი, დიმიტრი ფოლკიერიც ესაუბრა. ამ უკანასკნელმა მსაჯობა გააკრიტიკა და Movistar plus-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „როცა კამპ ნოუზე ვთამაშობთ, ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. საკამათო სიტუაციებისას მსაჯები გადაწყვეტილებებს ყოველთვის ბარსელონას სასარგებლოდ იღებენ. ისინი პატარა კლუბებს დასცინიან და საკამათო სიტუაციებისას მუდამ ბარსას სასარგებლოდ უსტვენენ“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები