ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, მიხა გაბეჩავა
Aa
Aa

ვილისთან თანამშრომლობა ევროს შემდეგ უნდა დასრულებულიყო | ბარნლის სკაუტის შეფასება

მიხა გაბეჩავას, „ბარნის“ სკაუტის თქმით, საქართველოს ისტორიულმა გამოსვლამ ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე უკვე ხანდაზმული პრობლემა  გადაფარა. ქართველი სპეციალისტი ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ცნობილ უნგრულ გამოცემას, Nemzetisport-ს ესაუბრა.

„ძალიან მადლობლები ვართ იმისთვის, რასაც ვილი სანიოლმა ნაკრებთან ერთად მიაღწია, რადგან ქვეყანას ისტორიული წარმატება მოუტანა: პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ამავდროულად, ვფიქრობ, უფრო საფუძვლიანად უნდა გაგვეკეთებინა იმის ანალიზი, თუ როგორ გავედით. ერთა ლიგის C ლიგიდან მივიღეთ ფლეი-ოფში თამაშის შანსი, სადაც ლუქსემბურგსა და გარდამავალ ფაზაში მყოფ საბერძნეთთან ვითამაშეთ, თანაც ორივე მატჩი თბილისში ჩატარდა წარმოუდგენელი ატმოსფეროს ფონზე, რაც უზარმაზარ როლს ასრულებდა.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მიღმა, ბუნებრივია, დიდი შრომა იდგა, უბრალოდ აქედან არ გამომდინარეობდა ის, რომ ყველა სამუშაო პროცესი სწორი მიმართულებით მიდიოდა. გვქონდა კარგი შედეგები, თუმცა გარკვეული შეცდომები მუდმივად ზედაპირზე ტივტივებდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ რამდენიმე წარმატება იყო, მოგვიანებით კი - მეტად სუსტი გამოსვლა. შესამჩნევად გაქრა ენერგია გუნდიდან. ვილი სანიოლმა უკვე ვეღარ შეძლო ფეხბურთელების ხელახლა გამოფხიზლება და იმ საბრძოლო სულისკვეთების დაბრუნება, რომელიც ადრე ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა დასრულებულიყო ერთობლივი მუშაობა, რაც ფრანგი მწვრთნელისთვისაც უკეთესი იქნებოდა, რადგან უზარმაზარი წარმატებით ზურგს უკან, უფრო მოთხოვნადი სპეციალისტის რანგში წავიდოდა, ჩვენ კი უფრო მაღალი ნიშნულიდან დავიწყებდით ახალ ერას. ამის ნაცვლად, დონე თანდათან იმ ნიშნულამდე დაეცა, სადაც ადრე იყო“.

ვილი სანიოლის საქართველო დიდი ხნის განმავლობაში სამ ცენტრალურ მცველსა და სწრაფ გარდამავალ ფაზებზე იყო აგებული. მიხას თქმით, ეს ნაწილობრივ იძულებით მოხდა.

„უმეტეს შემთხვევაში ხუთი მცველით ვთამაშობდით და დიდწილად ვეყრდნობოდით გადასვლებს, აგრეთვე რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩეულ ინდივიდუალურ ოსტატობას. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის პარალელურად, გიორგი მამარდაშვილიც საკვანძო ფიგურა იყო, ალბათ ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც პსჟ-ის ვარსკვლავი. დაცვაში არ გვქონდა ისეთი სტაბილურობა, რომელზეც თამამად შეიძლებოდა დაყრდნობა, ამიტომ სამი ცენტრალური მცველით ვცდილობდით უკანა ხაზის სისუსტეების შენიღბვას. სისწრაფეშიც ისეთ მდგომარეობაში არ ვიყავით, რომ მაღლა გვეთამაშა და ბურთზე მუდმივი კონტროლი გვქონოდა. ამიტომ, ვილი სანიოლმა გუნდი უკან წაწია და სიღრმიდან ცდილობდა სწრაფად წინ წასვლას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დეკემბრის დასაწყისში გადაწყდება“ | ჭიაბრიშვილი დინამო ბათუმის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
„დეკემბრის დასაწყისში გადაწყდება“ | ჭიაბრიშვილი დინამო ბათუმის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე