გიორგი ადამია
Aa
Aa

ჰალიდმა და ყავლაშვილმა თავი კარგად წარმოაჩინეს | გიორგი ადამიას შეფასება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ბალიმენაში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ადამიამ შეხვედრა შეაფასა და დებიუტანტების, გიორგი ყავლაშვილისა და ჰალიდ დოლტმურზიევის თამაში გამოარჩია.

გიორგი ადამია: „პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი, ვიდრე გოლს გავიტანდით, დაგეგმილი რაც გვქონდა, ისე მიდიოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ძალიან კარგ პრესინგს ვთამაშობდით, დაცვაშიც ძალიან ყურადღებით ვიყავით. მოწინააღმდეგეს მინიმალური მომენტები შევაქმნევინეთ, ჩვენ კი ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით.

დოლტმურზიევსა და ყავლაშვილს შანსი მივეცით, რომლებმაც ვარჯიშებზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. ჰალიდმა გოლი გაიტანა, ყავლაშვილი კარში თავდაჯერებულად იდგა. ამიტომ, შეცდომებზე დეტალურად საუბარი ანალიზის შემდეგ შეიძლება, თუმცა, ერთი შეხედვით, ორივეს თამაში შეიძლება დადებითად ჩაითვალოს“.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მესამე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი დავკარგეთ, 1 ტური რჩება და მესამეადგილოსან ჩრდილოეთ ირლანდიას 4 ქულით ჩამოვრჩებით. F ჯგუფს გერმანია და საბერძნეთი 24-24 ქულით ლიდერობენ, ჩრდილოეთ ირლანდიის ანგარიშზე 14 ქულაა, საქართველომ 10 ქულა დააგროვა, ლატვიამ - ხუთი ქულა, მალტა 0 ქულით აუტსაიდერია.

21-წლამდე ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გერმანიასთან, სტუმრად, გამართავს. შეხვედრა ექვს ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები