Aa
Aa

გილოცავთ! - საქართველოს ნაკრებმა ATP CUP-ზე პირველი მატჩი მოიგო!

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP CUP-ზე ისტორიაში პირველი შეხვედრა მოიგო. დავით კვერნაძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით - 2:1 დაამარცხა!

ქართველებმა ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პირველი გამარჯვება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც თავიანთი მატჩები ალექსანდრე მეტრეველმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგეს. 

მეტრეველმა ფრანკო რონკადელის იოლად - 6:2; 6:1 აჯობა, დღის მეორე შეხვედრაში კი ნაკრებთა პირველმა ნომრებმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა და პაბლო კუევასმა გულშემატკივრებს დაძაბული სანახაობა შესთავაზეს. 

ნიკამ პირველი სეტის ბოლოს ერთადერთი ბრეიკი შეასრულა, თუმცა მეორე პარტიაში ინიციატივა მეტოქეს დაუთმო და საქმე გადამწყვეტ სეტამდე მივიდა. მის მე-10 გეიმამდე ბრეიკი არ შესრულებულა, კუევასის ჩაწოდებაზე კი უაღრესად დაძაბული თამაში წავიდა და საბოლოოდ, ბასილაშვილმა შეხვედრა მე-5 მატჩ-პოინტით დაასრულა - 6:4; 1:6; 6:4.

მართალია, წყვილთა დაპირისპირებაში ბაკში/მეტრეველის დუეტმა წააგო, თუმცა ამას საერთო ჯამში არაფერი შეუცვლია, საქართველოს ნაკრებმა თავისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფური ეტაპი, ესპანეთისა და იაპონიის შემდეგ, მე-3 ადგილზე დაასრულა.

ATP CUP-ის პირველ გათამაშებაზე ჩვენი გუნდი ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ალექსანდრე მეტრეველმა, ალექსანდრე ბაკშიმ, გიორგი ცივაძემ და ზურაბ ტყემალაძემ წარმოადგინეს, ნაკრების კაპიტანი კი დავით კვერნაძე გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები