სკანდალი
Aa
Aa

სკანდალი "ელ კლასიკოს" წინ - "ბარსელონამ" მსაჯის აშკარა შეცდომით 2 ქულა დაკარგა

ლა ლიგის მე-16 ტურში „ბარსელონა“ „ანოეტაზე“ „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდა და 2 ქულა დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და საკმაოდ სკანდალური გამოდგა.

პირველ ტაიმში მე-12 წუთზე „ბარსელონას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოიერზაბალმა გოლად აქცია. კუთხურის დროს ბუსკეცმა მეტოქეს მაისურზე მოქაჩა და წააქცია, თუმცა მაისურზე დაქაჩვა ორმხრივი იყო და ფეხბურთში მსგავსი მომენტები მრავლად გვინახავს, რომლებიც მსაჯებს გაუტარებიათ. დიდად გასაკვირი არც ის ყოფილა, რომ საბოლოოდ პენალტი დაინიშნა. მთავარი ის არის, რაც ამის შემდეგ მოხდა.


 

ამის შემდეგ შეხვედრაში ბევრი რამ მოხდა, საბოლოოდ კი 2:2-ზე ბოლო წუთზე ანალოგიური მომენტი ვიხილეთ. ლუის სუარესმა საჯარიმოში პიკეს ჩაუწოდა, ეს უკანასკნელი საჰაერო ორთაბრძოლას იგებდა და დიდი ალბათობით გაიტანდა კიდეც, თუმცა მცველმა მას მაისურზე დაქაჩა და წააქცია.

მსაჯმა მომენტი სავარაუდოდ კარგად ვერ დაინახა და არც VAR-ის გამოყენება მოისურვა. ამას „ბარსას“ ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ.

გამეორებაზე გამოჩნდა, რომ დარღვევა იყო და პირველ პენალტთან შედარებით ეს უფრო აშკარა იყო. მსაჯი უდაოდ შეცდა და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვება.


 

ამ ეპიზოდს ესპანურ პრესაში დიდი ხმაური უკვე მოჰყვა. ისიც დაიწერა, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ბართომეუ ლა ლიგის პრეზიდენტს ოფიციალურად მისწერს წერილს, რომელიც ეპიზოდისას აშკარა მიკერძოებულ ქმედებას გამოხატავს.

ხსენებული ეპიზოდის შესახებ კომენტარი ფეხბურთელებმა და პროფესიონალმა არბიტრმაც გააკეთა:

იტურალდე გონსალესი, ლა ლიგის ყოფილი არბიტრი და ამჟამად ექსპერტი: „ბუსკეცის მომენტში მსაჯმა დარღვევა დაინახა და პენალტი დანიშნა. რაც შეეხება პიკეს ეპიზოდს, იქ არბიტრს ფეხბურთელი ეფარებოდა და პირდაპირ მომენტი არ დაუნახავს.

მთავარ არბიტრს ვიდეო რეფერი უნდა დახმარებოდა. შეუძლებელი იყო იმ რაკურსით მას დარღვევა დაენახა. საბოლოოდ, VAR-ის გამოყენება არ მოხდა“.

ფრენკი დე იონგი: „თუ, პირველ ეპიზოდში მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაშინ პიკეს მომენტიც მსგავსი იყო და პენალტი ჩვენს სასარგებლოდაც უნდა დანიშნულიყო“.

სერხიო ბუსკეცი: „თუ, პირველი ეპიზოდის დროს პენალტს ნიშნავ, მაშინ ყველა მატჩში ბევრი თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოგიწევს. რაც შეეხება პიკეს ეპიზოდს, იქ დარღვევა აშკარა იყო და ვფიქრობ მსაჯმა დაინახა, მაგრამ პენალტის დანიშვნა არ მოისურვა. ვერ ვხვდები, თუ რატომ არ განიხილა მომენტი ვიდეო რეფერიმ. ამ კითხვაზე ახსნა განმარტებას მოვისმენდი, მაგრამ ეს შეუძლებელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები