კარვახალი მბაპეს
Aa
Aa

კარვახალი მბაპეს "რეალში" გადასვლისკენ მოუწოდებს

მადრიდის "რეალის" უკანახაზელი, დანი კარვახალი თვლის, რომ კილიან მბაპეს დონის ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" უნდა თამაშობდეს. ესპანელმა მცველმა "პარი სენ-ჟერმენის" სუპერვარსკვლავის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ყველამ ვნახეთ მბაპეს რა შეუძლია. იგი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის მხარდამხარ თამაში ძალიან სასიამოვნო იქნება. რეალი კი ის კლუბია, რომლის რიგებშიც საუკეთესო ფეხბურთელები უნდა ასპარეზობდნენ".

როგორც მოგეხსენებათ კილიან მბაპესა და "სამეფო კლუბის" შესახებ უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება. ცოტა ხნის წინ მადრიდულმა გამოცემა Marca-მ განაცხადა, რომ 20 წლის შემტევი "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რაც "ბლანკოსის" წისქვილზე ასხამს წყალს.

მბაპეს ტრანსფერის გაჩარხვა ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანს სურს. „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კილიანის დიდი გულშემატკივარია და თავისი პოზიცია რამდენჯერმე საჯაროდაც დააფიქსირა, რის გამოც „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელთა რისხვა დაიმსახურა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა,  ლეონარდომ „ზიზუს“ მოუწოდა შესაძლო ტრანსფერებზე საუბარი შეწყვიტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები