Aa
Aa

პოჩეტინო გამოირიცხა - ფავორიტი ტენ ჰაგია

Bild-ის ინფორმაციით „ბაიერნის" ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნით აღარ ინტერესდებიან. გერმანული გამოცემა იტყობინება, რომ არგენტინელი სპეციალისტი კანდიდატთა შორისაც აღარ მოიაზრება.

Bild-ის მიხედვით „რეკორდმაისტერის" მმართველების გადაწყვეტილებაზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გერმანულის არცოდნაა. „ბაიერნის" მესვეურებს სურთ გუნდი გერმანული ენის მცოდნე სპეციალისტს ჩააბარონ. გარდა ამისა კითხვები პოჩეტინოს საფეხბურთო ფილოსოფიასთან დაკავშირებითაც გაჩნდა, რასაც იუპ ჰაინკესის რჩევა დაემატა. „ბაიერნის ექს-თავკაცი არგენტინელი სპეციალისტის წინააღმდეგ წავიდა და Bild-ს თუ დავუჯერებთ ჰაინკესის სიტყვას „რეკორდმაისტერში“ კვლავ დიდი წონა აქვს.

გერმანული გამოცემის თანახმად „ბაიერნის“ ხელმძღვანელები ტომას ტუხელით ინტერესდებიან, თუმცა მათი მთავარი სამიზნე ერიკ ტენ ჰაგი გახლავთ. ამ უკანასკნელს „ალიანს არენაზე" ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და დიდი ალბათობით ზაფხულში „ბაიერნს" სწორედ ის ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერმა“ ცოტა ხნის წინ ნიკო კოვაჩი გაათვისუფლა და ამჟამად გუნდს ჰანსი ფლიკი წვრთნის, რომელსაც უქმეებზე რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ხვალ მიუნხენური გრანდი სტუმრად ჩემპიონატის ლიდერ „გლადბახს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები