Aa
Aa

"მაესტროს" სუპერსანახაობრივი თამაში - 1/2 ფინალის საგზური და ჯგუფში ჩატოვებული ჯოკოვიჩი

როჯერ ფედერერმა წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო ტურში ნოვაკ ჯოკოვიჩი ულამაზეს სტილში დაამარცხა და გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, თავად „ნოლე“ კი ჯგუფში ჩატოვა.

38 წლის შვეიცარიელმა შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, მთელი მატჩის განმავლობაში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მსოფლიოს მე-2 ჩოგანს უშანსოდ - 6:4; 6:3 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ფედერერმა საათსა და 14 წუთს გაგრძელებულ თამაშში მხოლოდ 5 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მეტოქეს 1 გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტი მისცა, თავად კი მისი ჩაწოდება 3-ჯერ აიღო.

„მხიარული როჯერი“, რომელიც ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებს 23:26 აგებს, წლის შემაჯამებელ ტურნირზე მე-17-ედ ასპარეზობს და ნახევარფინალის საგზური მე-16-ედ მოიპოვა.

გუშინდელი მარცხი და ჯგუფში ჩარჩენა, ავტომატურად ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩი სეზონს რეიტინგის პირველ ნომრად ვეღარ დაასრულებს და იანვრამდე ეს სტატუსი რაფაელ ნადალს ექნება.

დღის მეორე შეხვედრა ორ უმოტივაციო ჩოგბურთელს - დომინიკ ტიმსა და მატეო ბერეტინის შორის ჩატარდა. ავსტრიელმა, რომელმაც საწყის ორ ტურში ფედერერისა და ჯოკოვიჩის დამარცხებით ნახევარფინალის საგზური გაინაღდა, ბერეტინისთან მატჩი ძალების ნაკლები კონცენტრაციით წარმართა და 6:7; 3:6 წააგო.

ბერეტინიმ 200 სარეიტინგო ქულის მოგებასთან ერთად, გამორჩეული რეკორდიც დაამყარა და იტალიური ჩოგბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა. იგი საკუთარი ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მატჩის მოგება მოახერხა.

23 წლის აპენინელმა სეზონი რეიტინგის საუკეთესო 50-ეულს მიღმა დაიწყო, ამჟამად კი მსოფლიოს მე-8 ჩოგანია.

შემაჯამებელ ტურნირზე დღეს ბოლო ნახევარფინალისტი გაირკვევა და ის ალექსანდრ ზვერევი ან რაფაელ ნადალი იქნება. ლონდონში ნახევარფინალური ეტაპის მატჩები შაბათს გაიმართება, კვირას კი უკვე სატიტულო შეხვედრას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები