Aa
Aa

ნადალი სუპერქამბექზე: "ძალიან გამიმართლა, დანილთან კი ბოდიში"

რაფაელ ნადალმა მსოფლიოს საჩოგბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ესპანელმა ლეგენდამ წლის შემაჯამებელ ტურნირზე დანილ მედვედევს გადამწყვეტ სეტში 1:5-დან მოუგო. „ქამბექი“ მით უფრო ფასეულია, რადგან ამ გამარჯვებით ნადალმა ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, მედვედევი კი ჯგუფში ჩატოვა.

1:5-ზე, როცა ნადალი აწვდიდა, მედვედევს მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა რაფამ სიტუაცია სათავისოდ შეატრიალა და თითქმის 3-საათიან ბრძოლაში - 6:7; 6:3; 7:6 იმარჯვა.

„ძალიან გამიმართლა, დანილთან კი ბოდიში, რადგან ძალიან საწყენი შეხვედრა წააგო. მე-3 სეტში იგი ჩემზე ბევრად უკეთესად თამაშობდა და 1000-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ წააგებდა“. - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა, რომელმაც მედვედევს, მონრეალის მასტერსისა და ამერიკის ღია პირველობის ფინალების ჩათვლით, ბოლო 3 თვეში მე-3 ურთიერთშეხვედრა მოუგო.

„მატადორის“ გუშინდელი გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ახლა ნოვაკ ჯოკოვიჩს წლის პირველი ჩოგნის სტატუსით დასასრულებლად, აუცილებლად ტურნირის მოგება სჭირდება.

დღის მეორე მატჩმა, სტეფანოს ციციპასის სახით, კიდევ ერთი ნახევარფინალისტი გამოავლინა. 21 წლის ბერძენმა ალექსანდრ ზვერევს დამაჯერებლად - 6:3; 6:2 მოუგო და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს სეტწაუგებლად ლიდერობს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ციციპასი ნადალს შეხვდება, მოტივირებული ზვერევი კი უმოტივაციო მედვედევის დამარცხებას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები