Aa
Aa

"ინდიანა" "შარლოტთან" ოვერტაიმში დამარცხდა - გოგამ პარკეტზე 31:48 წუთი გაატარა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ წარმატებული სვლა ჩრდილოეთ კაროლინაში შეწყდა, სადაც ქართველი კალათბურთელის გუნდი „შარლოტ ჰორნეთსს“ შეერკინა და დაძაბულ ბრძოლაში - 120-122 დამარცხდა.

„ინდიანამ“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და პირველ მეოთხედში მეტოქეზე 15-ით მეტი ქულა ჩააგდო. მეორე თორმეთწუთეული უკეთ მასპინძლებმა ჩაატარეს, თუმცა „პეისერსი“ დიდ შესვენებაზე მაინც კომფორტული - 7 ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევრის სტარტზე ინიციატივას ნეით მაკმილანის შეგირდები ფლობდნენ და გადამწყვეტ მეოთხედს 14 ქულიანი ჰანდიკაპითაც შეხვდნენ, მაგრამ „ჰორნეთსმა“ ფარ-ხმალი არ დაყარა, მეოთხე მეოთხედში ჩამორჩენა აღმოფხვრა და „სპექტრამ ცენტრში“ შეკრებილმა გულშემატკივარმა ოვერტაიმი იხილა.

დამატებითი ხუთწუთეული ქულა ქულაში წარიმართა. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ჯერემი ლემბმა ანგარიში 120-120 გახადა, თუმცა „პეისერსმა“ ბოლო შეტევა ვეღარ მოიგერია. ჯაკარ სემპსონი დევონტე გრეჰემზე დაჯარიმდა. ამ უკანასკნელმა კი 3 საჯარიმოდან 2 გამოიყენა და თავის გუნდს მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოუტანა.

გოგა ბითაძე „ინდიანას“ სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე თავისთვის სარეკორდო, 31 წუთი და 48 წამი გაატარა. გოგა მეტ სათამაშო დროსაც მიიღებდა, მაგრამ ოვერტაიმის დაწყებიდან ერთი წუთის შემდეგ მეექვსედ დაჯარიმდა და სათადარიგოთა სკამზე ნაადრევად გადაინაცვლა.

საბოლოოდ ბითაძემ მატჩი 6 ქულით დაასრულა, მიმდინარე სეზონში თავისთვის სარეკორდო, 11 მოხსნა გაიფორმა, 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და ზედიზედ მესამედ აქტივში 4 დაფარება ჩაიწერა. ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამიანი გააცუდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველმა პლუს/მინუსის გრაფაში +15 დააფიქსირა, რაც „ინდიანას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

 

აქვე გეტყვით, რომ „პეისერსს“ 33 ქულით ტი ჯეი უორენმა ულიდერა. მალკოლმ ბროგდონმა გუნდს 31 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა, ხოლო ჯერემი ლემბმა თავი 18 ქულას მოუყარა.

„შარლოტთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „ინდიანა“ საშინაო კედლებს დაუბრუნდება და 7 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00-ზე „ვაშინგტონ უიზარდსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები