Aa Aa
1 ნოემბერი 2019  |  18:24

რამოსის რეკორდები - "რეალის" კაპიტანი კუმანსა და პასარელას უახლოვდება

„ლეგანესთან“ დაპირისპირებამდე მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრების რიგებში 168-ე შეხვედრა ჩაატარა, რითიც ყოფილ რეკორდსმენს - იკერ კასილიასს გადაასწრო.

ისტორიული შედეგის მიუხედავად, რამოსი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე რეკორდის დამხობის შანსი აქვს.

მიჯრით 16 სეზონში გატანილი გოლი

რამოსმა „ლეგანესთან“ მატჩში თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ლა ლიგაში გოლის გატანა უკანასკნელი 16 სეზონიდან ყველაში მოახერხა. ბოლოს, როცა რამოსმა ბურთი ვერ შეაგდო 2003-04 წლების სეზონი გახლდათ.

„რეალის“ კაპიტანზე უკეთესი შედეგით მხოლოდ ორ ფეხბურთელს შეუძლია ტრაბახი. „ბილბაოს“ მოთამაშემ, პირუ გაინსამ ლა ლიგის ზედიზედ 19 სეზონში გამოიჩინა თავი, ხოლო სანტილიანამ - 17-ში.

მცველების მიერ გატანილი გოლები

რამოსს ლა ლიგაში 62 გოლი აქვს გატანილი და ყველაზე შედეგიან მცველთა სიაში მესამე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციას 105 გოლით ფერნანდო იერო იკავებს, თუმცა ამ უკანასკნელმა 44 გოლი მაშინ გაიტანა, როცა რადომირ ანტიჩი მას ცენტრალურ ნახევარმცველად ათამაშებდა.

მეორე ადგილზე რონალდ კუმანია, რომელმაც ლა ლიგაში 67 ბურთი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა გოლების 68.65 პროცენტი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ ტურნირზე რამოსის ანგარიშზე 12 გოლია. რეკორდი კი კარლოსს ეკუთვნის, რომელმაც 16 ბურთი გაიტანა. საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ბრაზილიელის მიღწევასთან ხერარდ პიკე უფრო ახლოსაა, ვიდრე რამოსი. „ბარსას“ უკანახაზელი თავს 14 გოლით იწონებს.

საერთაშორისო ასპარეზი

გარდა იმისა, რომ რამოსს სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს მოგებული, „რეალის“ კაპიტანს დანიელ პასარელას რეკორდამდე ერთი გოლი აშორებს. ამ უკანასკნელს მცველთა შორის სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი - 22 გოლი აქვს გატანილი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები