NBA - სპექტაკლი ვაშინგტონში, კარის ტრავმა და კონლის დაბრუნება
Aa
Aa

NBA - სპექტაკლი ვაშინგტონში, კარის ტრავმა და კონლის დაბრუნება

ვაშინგტონი - ჰიუსტონი 158 – 159

გამთენიისას „კაპიტალ უან არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა საკალათბურთო სპექტაკლი იხილა. ვაშინგტონელი ქომაგების ფავორიტი „უიზარდსი“ „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 158 - 159.

„ვაშინგტონსა“ და „ჰიუსტონს“ დაცვა დიდად არ ანაღვლებთ და ეს რამდენიმე საათის წინ გამართულ შეხვედრაში მშვენივრად გამოჩნდა. გუნდებმა აქცენტი მხოლოდ შეტევაზე გააკეთეს და ჯამში 317 ქულა ჩააგდეს. თანაც ოვერტაიმის გარეშე.

“ჰიუსტონს“ 59 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. რასელ უესტბრუკმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 10 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა. კლინტ კაპელამ აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 21 ქულა, 12 მოხსნა. დანუელ ჰაუს ჯუნიორმა კი 16 ქულა დააგროვა.

„ვაშინგტონის“ მხრიდან საუკეთესო ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 46 ქულა დააგროვა. რუი ჰაჩიმურამ 23 ქულა მიითვალა. დავის ბერტანსი კი 21 ქულას დასჯერდა.

გოლდენ სტეიტი - ფინიქსი 110 – 121

„გოლდენ სტეიტს“ სერიოზული პრობლემები აქვს. „მეომრებმა“ სეზონი ცუდად დაიწყეს და საშინელ სტარტს სტეფ კარის ტრავმაც დაემატა. „ოქროს ბიჭუნამ“ „ფინიქსთან“ დაპირისპირებაში მარცხენა ხელი მოიტეხა. „მეომრების“ ინფორმაციით უახლოეს მომავალში კარის ტესტებს ჩაუტარებენ და გაირკვევა ოპერაცია დასჭირდება თუ არა. სტეფის დაბრუნების შესახებ დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია.

„ფინიქსის“ წარმატების მთავარი შემოქმედი დევინ ბუკერი გახლდათ. ამ უკანასკნელმა 31 ქულა მიითვალა. ბუკერთან ერთად აარონ ბეინსი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა, 13 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. დარიო სარიჩმა გუნდს 16 ქულა შესძინა, ხოლო რიკი რუბიო 14 ქულით გამოირჩა.

„გოლდენ სტეიტის“ მხრიდან ერიკ პასკალმა 20 ქულა გაიფორმა. გლენ რობინსონ მესამემ თავი 17 ქულას მოუყარა. დეანჯელო რასელმა 15 ქულა დააგროვა. ვილი კოლი-შტაინმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

იუტა - კლიპერსი 110 – 96

„იუტა ჯაზი“ წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. „ჯაზმენებმა“ მეხუთე შეხვედრიდან მეოთხე მოიგეს და ამჯერად კავაი ლეონარდის გარეშე მოასპარეზე „კლიპერსს“ სძლიეს.

„იუტას“ ქომაგებისთვის დოკ რივერსის გუნდთან მოპოვებული გამარჯვება ორმაგად სასიხარულო გახლდათ. საქმე მაიკლ კონლის ეხება. ამ უკანასკნელმა პირველი სამი მატჩი საშინლად ჩაატარა და წარმატებული ასპარეზობა ჰაერივით ესაჭიროებოდა.

კონლიმ „კლიპერსთან“ ჯახში დაგვანახა, რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. „ჯაზმენების“ გამთამაშებელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 29 ქულა დააგროვა. კავაი ლეონარდის არყოფნაში კი „კლიპერსს“ 24 ქულით ლუ უილიამსმა ულიდერა.

სხვა მატჩების შედეგები

კლივლენდი - ჩიკაგო 117 - 111

ორლანდო - ნიუ იორკი 95 - 83

ფილადელფია - მინესოტა 117 - 95


ბოსტონი - მილუოკი 116 - 105

ბრუკლინი - ინდიანა 108 - 118

ტორონტო - დეტროიტი 125 - 113

ოკლაჰომა - პორტლენდი 99 - 102

საკრამენტო - შარლოტი 111 - 118

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები