Aa
Aa

8 წუთი, ტერნერის ტრავმა და "ინდიანას" პირველი გამარჯვება

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურის გუნდი სტუმრად „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 118-108 სძლია.

მოგების მიუხედავად, „ინდიანას“ ქომაგებს სასიხარულო ბევრი არაფერი აქვთ. „ბრუკლინთან“ მატჩის პირველ მეოთხედში „პეისერსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაილს ტერნერმა ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ამერიკული პრესის მიხედვით 23 წლის ცენტრმა მარჯვენა კოჭი იტკინა. დაზიანების სიმძიმე კი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ტერნერის გარეშე დარჩენილმა „ინდიანამ“ პირველი ტაიმი 3 ქულით წააგო, თუმცა იგრძნობოდა, რომ ნეით მაკმილანის გუნდს მომატების პოტენციალი ჰქონდა, რაც მეორე ნახევარში მშვენივრად გამოჩნდა. მესამე და მეოთხე მეოთხედი „პეისერსმა“ ჩინებულად ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალა.

„ინდიანას“ რიგებში ტრადიციულად დომანტას საბონისი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. ახლად დაბრუნებულმა ჯერემი ლემბმა გუნდს 25 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. მალკოლმ ბროგდონმა აქტივში 21 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა ჩაიწერა. ტი ჯეი უორენის ანგარიშზე კი 20 ქულა და 3 ჩაჭრა გახლდათ.

„ბრუკლინთან“ შეხვედრაში  მაკმილანმა სათამაშო დრო გოგა ბითაძესაც მისცა. პირველ მეოთხედში ტრავმირებული ტერნერი სწორედ ქართველმა ცენტრმა ჩაანაცვლა. ბითაძემ პარკეტზე 8 წუთი და 32 წამი გაატარა. გოგას ქულა არ მოუპოვებია, სამაგიეროდ 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

„ნეთსთან“ გამართული მატჩით „ინდიანას“ გასვლითი ტურნე დასრულდა. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს და მაილს ტერნერის ტრავმას თუ გავითვალისწინებთ წესითა და რიგით მაკმილანმა ბითაძე უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები