Aa
Aa

ბენჩიჩისა და ბერტენსის პირველი გამარჯვებები შემაჯამებელ ტურნირზე

შენჟენში მიმდინარე ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე წითელი ჯგუფის მე-2 ტურის მატჩები ჩატარდა. ნაომი ოსაკას ნაცვლად გათამაშებაში ჩართულმა კიკი ბერტენსმა პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულა, ბელინდა ბენჩიჩმა კი პეტრა კვიტოვასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

ბერტენსმა მსოფლიოს პირველ ჩოგან ეშლი ბარტისთან პირველი სეტი წააგო და მეორე პარტიაშიც ბრეიკით ორჯერ მარცხდებოდა, თუმცა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და თამაში გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა.

„დისაიდერში“ ჰოლანდიელი დიდ უპირატესობას ფლობდა და საკუთარი გამარჯვება ეჭვის ქვეშ წამით აღარ დაუყენებია - 3:6; 6:3; 6:4.

დღის მეორე შეხვედრაში კიდევ უფრო დაძაბული ბრძოლა და საინტერესო ფინიში ვიხილეთ. ბელინდა ბენჩიჩმა პეტრა კვიტოვას პირველი სეტი დამაჯერებლად მოუგო, მეორეში კი თავად განადგურდა.

მე-3 პარტიაში კვიტოვამ ბრეიკიანი ჩამორჩენა ორჯერ აღმოფხვრა, თუმცა ჩაწოდება მესამედაც წააგო, რასაც ბენჩიჩმა მატჩზე წარმატებით მოაწოდა და 6:3; 1:6; 6:4 იმარჯვა.

შედეგად, ბერტენსს, ბენჩიჩსა და ბარტის თითო-თითო მოგება აქვთ, კვიტოვა კი ჯერაც უქულოდაა. ამის მიუხედავად, თუკი ბოლო ტურში ჩეხი ეშლი ბარტის დაამარცხებს, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნება. ამისთვის საჭიროა, რომ ბერტენსისა და ბენჩიჩის პარალელურ მატჩში კვიტოვასთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდეს და ერთ-ერთმა ჩოგბურთელმა 2 სეტში წააგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები