Aa Aa
29 ოქტომბერი 2019  |  07:34

პსჟ იკარდის კონტრაქტს გამოისყიდის

"პარი სენ-ჟერმენმა" მაურო იკარდის კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა. არგენტინელი ფეხბურთელი "ინტერის" საკუთრებაა და პსჟ-ში იჯარის წესით თამაშობს. პარიზელებს "მაურიტოს" კონტრაქტის გამოსყიდვა 70 მილიონ ფუნტად შეუძლიათ და დრო 2020 წლის ზაფხულამდე აქვთ.

თუმცა Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით "პარი სენ-ჟერმენი" თავს დაიზღვევს და იკარდის ზამთარში გაიფორმებს. იტალიური ვებგვერდის ცნობით დეკემბრის მეორე ნახევარში კლუბი არგენტინელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს და იანვარში მის კონტრაქტს გამოისყიდის.

ფრანგული პრესის მიხედვით "პარკ დე-პრენსზე" "მაურიტოზე" დიდ იმედებს ამყარებენ და სჯერათ, რომ იგი გუნდს უამრავ გამარჯვებას მოუტანს.

იკარდი "პარი სენ-ჟერმენის" ღირსებას ორი თვეა იცავს. 26 წლის თავდამსხმელმა ფრანგული გრანდის მაისურით 7 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 7 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იკარდის მეუღლე, ვანდა ნარა პარიზში დარჩენის მომხრეა და სურს არგენტინელმა კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები