Aa
Aa

2002 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა

„ატალანტას“ შემტევი, ამად ტრაორე 2002 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის სერია A-ში გოლის გატანა შეძლო. თანაც, 17 წლის ფორვარდმა „ნერაძურის“ ძირითად გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გოლის გასატანად მხოლოდ 13 წუთი იმყოფინა.

„ატალანტა“ „უდინეზეს“ 6:1 ამარცხებდა, როცა ჯან პიერო გასპერინიმ ტრაორე მოედანზე შეიყვანა, თინეიჯერმა კოტ დ’ივუარელმა კი 6 წუთში მატჩის საბოლოო ანგარიში - 7:1 დააფიქსირა.

ბერგამოელთა მხრიდან ჰეთ-თრიქი - ლუის მურიელმა, ხოლო დუბლი იოსიპ ილიჩიჩმა შეასრულა, თითო ბურთი კი მარიო პაშალიჩმა და სწორედ ტრაორემ შეაგდეს. კოტ დ’ივუარელი მიმდინარე სეზონში „ქალთევზების“ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს და აქტივში 4 გოლი და 5 ასისტი აქვს.

გასპერინის გუნდმა 9 ტურის შემდეგ 20 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზეა და ლიდერ „იუვენტუსს“ 3 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ატალანტამ“ იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირადი რეკორდი გაიმეორა და ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. ლომბარდიელებმა 1952 წელს „ტრიესტინას“ ასევე 7:1 აჯობეს.

ჯან პიერო გასპერინის ბიჭებმა ჩემპიონატის საწყის 9 ტურში 28 გოლი შეაგდეს, რაც 1992 წლის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია. მაშინ 9 მატჩში 29 ბურთი „მილანმა“ გაიტანა.

„ატალანტა“ შემდეგი ტურის შეხვედრას 30 ოქტომბერს, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ნაპოლისთან“ სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები