Aa
Aa

ისტორიაში პირველად! - მესის უნიკალური რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის 15 სხვადასხვა სეზონში გოლი გაიტანა. „ბარსას“ კაპიტანმა პრაღის „სლავიასთან“ საკუთარი გუნდი მე-3 წუთზე წინ გაიყვანა, რითაც უკვე აღნიშნული ისტორიული შედეგის გარდა, კიდევ ერთ რეკორდს გაუთანაბრდა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგაზე 33-ე გუნდს გაუტანა, რაც რაულისა და კრიშტიანუ რონალდუს შედეგის გამეორებაა. მესის მათი გადასწრების შანსი მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზევე ექნება, რამეთუ მას აქამდე არც „დორტმუნდის“ და არც „ინტერის“ კარში არ გაუტანია.

მეორე მხრივ, რონალდუს ჯგუფურ ეტაპზე ერთი ისეთი გუნდი ჰყავს, რომლის კარშიც არასდროს გაუტანია - ეს მოსკოვის „ლოკომოტივია“, რომელთანაც „იუვე“ მომდევნო ტურში კიდევ ერთხელ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაშიც ეს ორი ფეხბურთელი ლიდერობს. მესიმ ამ ტურნირზე 114 გოლი მოაგროვა, რონალდუს კი მეტოქეთა კარი 127-ჯერ აქვს აღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები