Aa
Aa

დადასტურდა: ტიაგო მოტა "ჯენოას" ჩაიბარებს!

ტიაგო მოტამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იტალიურ „ჯენოასთან“ შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს საათებში კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, გენუელთა პრეზიდენტი, ენრიკო პრეციოზი, ბრაზილო-იტალიელს მილანში შეხვდა და მისი დაყოლიება მოახერხა. არადა, მოტამდე პრეციოზის ჯენარო გატუზოსთან მოლაპარაკება სურდა, თუმცა „როსობლუს“ გაწვრთნაზე უარი თავად „რინომ“ განაცხადა.

გენუელები აურელიო ანდრეაცოლის გაშვების შესახებ დღეს გამოაცხადებენ, მოტას კი ლიგურიის მთავარ ქალაქში უახლოეს საათებში ელოდებიან.

ტიაგო მოტამ სამწვრთნელო კარიერა 2018-2019 წლებში დაიწყო და პსჟ-ს 19-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. მასზე, როგორც მწვრთნელზე, მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 37 წლის სპეციალისტმა პრესასთან ფეხბურთში სამომავლო სათამაშო სქემად 2-7-2 დაასახელა, რომელშიც მეკარეს ნახევარმცველის როლი აქვს.

მოტამ ფეხბურთელობისას "ჯენოას" რიგებში 2008-2009 წლების სეზონში ითამაშა და "როსობლუს" მაისურით ჩატარებულ 27 მატჩში 6 გოლი შეაგდო.

ანდრეაცოლის „ჯენოამ“ სერია A-ს გასულ ტურში სტუმრად „პარმასთან“ 1:5 წააგო, 8 თამაშის ჯამში კი მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზე იმყოფება. „როსობლუ“ მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე „ბრეშიას“ დაუხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები