Express – „მანჩესტერი“ ტიმო ვერნერის ტრანსფერით ინტერესდება
Aa
Aa

Express – „მანჩესტერი“ ტიმო ვერნერის ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული გამოცემა, The Express იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტიმო ვერნერის ტრანსფერს უმიზნებს. „წითელ ეშმაკებს“ შეტევაში სერიოზული პრობლემები აქვთ და პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ ცხრა შეხვედრაში მეტოქე გუნდების კარი მხოლოდ 10-ჯერ აიღეს.

რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ, ცენტრფორვარდის პოზიციას მარკუს რაშფორდი იკავებს, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ ფიქრობენ, რომ ინგლისელი ახალგაზრდა ფლანგზე უფრო პროდუქტიული იქნება.

The Express-ის ცნობით „ოლდ ტრაფორდზე“ ცენტრალური თავდამსხმელის გადაბირებას აპირებენ და ტიმო ვერნერის სახით იდეალური კანდიდატიც შერჩეული ჰყავთ.

23 წლის ფეხბურთელი „ლაიფციგის“ ღირსებას იცავს და გერმანული გუნდის რიგებში მშვენივრად ასპარეზობს. ვერნერმა „ლაიფციგის“ მაისურით 124 შეხვედრა ჩაატარა და 68 გოლი შეაგდო.

"ლაიფციგის" სამომავლო გეგმებში ვერნერის გასხვისება არ შედის და Express-ს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა „წითელ ეშმაკებს“ მომდევნო ზაფხულამდე ლოდინი მოუწიოთ. საკითხავი ისაა, რამდენად სურს „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება და რამდენის დახარჯვას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები