ალეგრი „მანჩესტერს“ უახლოვდება და ორ ფეხბურთელს უმიზნებს
Aa
Aa

ალეგრი „მანჩესტერს“ უახლოვდება და ორ ფეხბურთელს უმიზნებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Tuttosport იტყობინება, რომ მასიმილიანო ალეგრი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტთან ძალიან ახლოსაა. „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელმა თავკაცმა, ოლე გუნარ სულშერმა კლუბის ხელმძღვანელობის იმედები ვერ გაამართლა და Tuttosport-ს თუ დავუჯერებთ „მანჩესტერის“ მესვეურები მზად არიან ნორვეგიელი გუნდიდან გაუშვან.

იტალიური გამოცემის მიხედვით ალეგრი საკმაოდ სოლიდურ კონტრაქტს გააფორმებს და „იუნაიტედისგან“ ყოველწლიურად 6.5 მილიონ ფუნტს მიიღებს. როგორც ირკვევა „იუვენტუსის“ ექს-თავკაცს „ოლდ ტრაფორდზე“ „ბებერი ქალბატონის“ ორი ფეხბურთელის წაყვანა სურს. „ნისლიან ალბიონზე“ საუბარი ემრე ჯანისა და მარიო მანჯუკიჩის შესახებ მიდის, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება.

გასულ სეზონში ჟოზე მოურინიო გუნდიდან დეკემბერში გაუშვეს და არის შანსი სულშერმა „განსაკუთრებულის“ ბედი გაიზიაროს. ბრიტანული პრესის მიხედვით ბევრი რამ 20 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, რომელშიც „მანჩესტერი“ მოსისხლე მტერს, „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ალეგრის „ტოტენჰემიც“ აკვირდება. მაურისიო პოჩეტინოს ლონდონური მომავალი ბურუსით გახლავთ მოცული და შესაძლოა „დეზებმა“ ალეგრის გადაბირება სცადონ.

Daily Mail-ის მიხედვით წესითა და რიგით ყველაფერი რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს. იტალიელი სპეციალისტი „წითელ ეშმაკებს“ აჩქარებს და უახლოეს პერიოდში „მანჩესტერს“ არჩევანის გაკეთება მოუწევს.

.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები