Aa
Aa

"რეალის" ბაზაზე ლუდს ან ღვინოს მივირთმევდით... მას ვთხოვეთ ეს წესი არ შეეცვალა"...

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რობერტო კარლოსი, მადრიდის „რეალში“ გატარებულ პერიოდს იხსენებს და ამ გუნდში მის ყოფილ მწვრთნელებს ახასიათებს.

კარლოსმა განსაკუთრებით საინტერესო განცხადება ვისენტე დელ ბოსკეს შესახებ გააკეთა. ბრაზილიელის თქმით, დელ ბოსკე ფეხბურთელთა ინტერესებს პირველ პლანზე აყენებდა და მაგალითად, ორშაბათის ვარჯიშს დილის ნაცვლად საღამოს ნიშნავდა, რადგან საწვრთნელ პროცესზე ორშაბათს დილის 11 საათზე გამოცხადება „ბლანკოსის“ ვარსკვლავებს დაეზარებოდათ.

„დელ ბოსკე უფრო მეტად ჩვენი მეგობარი იყო, იგი თითოეულ ჩვენგანს ბრწყინვალედ უგებდა და ეწყობოდა. იგი თვლიდა, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებოდათ წესები, რადგან მათ ისედაც იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.

ორშაბათის და ხანდახან სამშაბათის ვარჯიშები 17 საათზე ინიშნებოდა, რადგან ამ დღეებში დილის 11 საათზე ბაზაზე მიმსვლელი არავინ იყო“.

ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა ხოსე ანტონიო კამაჩოს სიმკაცრეზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მასთან ფეხბურთელებმა კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს.

„ფეხბურთელები ყოველთვის ყველაფერს ვაკონტროლებდით და ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ეს გამონაკლისი კამაჩო იყო, რომელიც გუნდში სულ რამდენიმე კვირა დარჩა.

მახსოვს, როცა იგი გასახდელში პირველად შემოვიდა, ყველას ძალიან სერიოზული სახით მოგვესალმა და გვითხრა, რომ მეორე დღეს ვარჯიშზე ჩვენი ხილვა დილის 7 საათზე სურდა. ზოგადად, ჩვენი საწვრთნელი პროცესი დილის 11-ის ნახევარზე იწყებოდა, ამიტომ მასთან დალაპარაკება ვცადეთ და განრიგის შეცვლა ვთხოვეთ. საბოლოოდ, მან პოსტი მალევე დატოვა“.

კარლოსი იგივე პრობლემის შესახებ აქცენტირებს ვანდერლეი ლუშემბურგოსთან მიმართებითაც და აღნიშნავს, რომ გასახდელში სადავეების მოპოვება ვერც მან შეძლო.

„იგივე მოხდა ლუშემბურგოს შემთხვევაშიც. ჩვენ ბაზაზე მოქცევის საკუთარი წესები გვქონდა - გასახდელში ჩანთებს ვტოვებდით, სადილამდე კი ლუდს ან ღვინოს მივირთმევდით. მაგიდაზე ორი ბოთლი ღვინო ყოველთვის იყო.

მე და რონალდო მასთან მივედით და ვუთხარით, რომ ღვინისა და ლუდის დალევა არ აეკრძალა, თუმცა მან ჯერ ლუდი, შემდეგ კი ღვინო აკრძალა. საფეხბურთო სამყარო პატარაა, ეს ახალი ამბავი დირექტორთა საბჭომდე მივიდა და მათაც ლუშემბურგოს ხელი დაუქნიეს“.

ფლორენტინო პერესის პირველ „გალაქტიკოში“ ყველაზე დიდხანს ვისენტე დელ ბოსკემ იმუშავა, რომელმაც პოსტზე 4 წელი გაატარა, კამაჩომ, რემონმა და ლოპეს კარომ თანამდებობა რამდენიმე თვეში დატოვეს, ლუშემბურგო კი „ბლანკოსს“ თითქმის 1 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები