ვრცელი ინტერვიუ მესისთან -
Aa
Aa

ვრცელი ინტერვიუ მესისთან - "მოხარული ვიქნებოდი რონალდუ მადრიდში რომ დარჩენილიყო"

კატალონიურმა რადიო RAC1-მა „ბარსელონას“ სუპერვარსკლავ ლეო მესის ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც „ლა პულგამ“ რამდენიმე საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.

***

მესი ბარსას პროექტზე: „მართალია სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა. დიდი ხანია "ბარსელონას" წარმატებული პროექტი აქვს. შარშან და შარშანწინ ლივერპულში და რომში განცდილი ფიასკო ჩვენი ბრალია და არა პროექტის ან მწვრთნელის“.

მესი ბართომეუსთან ბოლო შეხვედრაზე: „ბართომეუს ბოლოს „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ შევხვდი. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ყველაფერი კარგადაა. ერთმანეთს იმიტომ არ ვხვდებით, რომ ამის საჭიროება არ გაჩენილა“.

მესი კაპიტნის სამკლაურზე: „კაპიტნის სამკლაური ტვირთი ნამდვილად არ გახლავთ. ყოველ შემთხვევაში მე ასე არ ვთვლი. ჩემთვის კაპიტნის სამკლაური საინტერესო პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და ამაყი ვარ მას რომ ვატარებ“.

მესი რონალდუზე: „მოხარული ვიქნებოდი რონალდუ მადრიდში რომ დარჩენილიყო. იგი რეალისა და ბარსელონას მტრობასა და „ელ კლასიკოს“ დამატებით ხიბლს შესძენდა“.

მესი საუკეთესო მწვრთნელზე, ვისთანაც უმუშავია: „პეპ გუარდიოლა და ლუის ენრიკე ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან“.

მესი კარიერის საუკეთესო მატჩზე: „ყველაზე კარგად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან“ 2-0 მოგებული შეხვედრა მახსოვს. არ ვიცი ეს მატჩი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო თუ არა, მაგრამ ის უნიკალური ნამდვილად გახლდათ“.

მესი კარიერის საუკეთესო გოლზე: „რომში ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავით გატანილი გოლი“.

მესი კარიერის საუკეთესო მომენტზე: „ერთის გამორჩევა ძალიან რთულია, რადგან იღბლიანი ვარ და ბევრი კარგი მომენტი მქონდა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ გუარდიოლას ერა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გახლდათ“.

მესი ჩავიზე: „მას შეუძლია გუნდში მაშინ დაბრუნდეს, როცა მოესურვება. ჩავი ემზადება და ერთ დღეს „კამპ ნოუზე“ აუცილებლად დაბრუნდება. ჩემი აზრით იგი ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება, როგორშიც თავის დროზე გუარდიოლა იყო“.

მესი ჩავი და ინიესტაზე: „ყველამ მშვენივრად იცოდა რა მოხდებოდა. ჩავის და ინიესტას მსგავსი ფეხბურთელების პოვნა შეუძლებელი გახლდათ. ზოგიერთ შეხვედრაში ჩვენი ბურთის ფლობა 90 პროცენტი იყო და ბურთის დაკარგვის შემდეგ მას 5 წამის შემდეგ ვიბრუნებდით. ვიცოდით, რომ მათი წასვლა გაურდაუვალი იყო. ახლა ტოპ კლასის ნახევარმცველები გვყავს, მაგრამ ჩავი და ინიესტა უნიკალურები იყვნენ და „ბარსელონას“ ფილოსოფია სწორედ ამიტომ იცვლება“.

მესი VAR-ზე: „VAR ძალიან მომწონს, თუმცა კითხვის ნიშნები მაინც რჩება. ვიდეორეფერის კარგად არ იყენებენ. თამაშებზე VAR თუ არის, გულშემატკივარს ეჭვები არ უნდა გაუჩნდეს“.

მესი ოქროს ბურთზე: „არ ვიცი ოქროს ბურთს მოვიგებ თუ არა, მაგრამ რომ ვერ მოვიგო იმედი არ გამიცრუვდება. ინდივიდუალური ჯილდოების დასაკუთრება ჩემი მთავარი პრიორიტეტი არ გახლავთ. იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამიცრუვდება, თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებ“.

მესი ჩემპიონთა ლიგაზე: „სანუკვარი თასის დასაკუთრების რამდენიმე შანსი გავანიავეთ. ახლა წესითა და რიგით ჩემპიონთა ლიგა უფრო მეტჯერ უნდა გვქონდეს მოგებული. სამწუხაროა ბოლოს  ეს ტურნირი დიდი ხნის წინ რომ მოვიგეთ“.

მესი ვალვერდეზე: „ლივერპულთან მარცხი ჩვენი ბრალი იყო. რომში გამართული მატჩის შემდეგ ასეთი რამ არ უნდა მოგვსვლოდა. ლივერპულთან შეხვედრამდე რომში მომხდარი დავივიწყეთ, მაგრამ მაინც არაფერი გამოგვივიდა. ჩვენს წარუმატებლობაში მწვრთნელი არაა დამნაშავე. ვალვერდეს დატოვება მე არ გადამიწყვიტავს, თუმცა მიხარია გუნდმა ასეთი არჩევანი რომ გააკეთა“.

მესი დემბელეს ინციდენტზე: „რთული წარმოსადგენია დემბელეს მსაჯისთვის ზუსტად ის სიტყვები ეთქვა, რადგან ესპანურად კარგად ვერ ლაპარაკობს და წინადადებების დალაგება უჭირს. იმ მომენტში მთავარი არბიტრისთვის სწორედ ამის ახსნა მსურდა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემი პოზიცია ვალვერდემაც გაიზიარა. გაგვიკვირდა მსაჯმა მის მიერ ნათქვამი ფრაზა რომ გაიგო, რადგან დემბელეს ესპანურ ენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მას ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს".

მესი ნეიმარზე: „ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი გადაბირება ჩვენ უდავოდ გაგვაძლიერებდა. მესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ნეიმარზე განაწყენებულები იყვნენ და მისი შეძენის წინააღმდეგ მიდიოდნენ, თუმცა ბრაზილიელი „კამპ ნოუზე“ დაბრუნებაზე გახლდათ ორიენტირებული. „ბარსელონას“ მმართველი საბჭოსთვის არ მომითხოვია, რომ ნეიმარის ტრანსფერი გაეჩარხათ, ან არ გაეჩარხათ. მე მოლაპარაკებებში ჩართული არ ვყოფილვარ. კარგად მახსოვს „ნეისთან“ რაზე ვსაუბრობდი, მაგრამ სხვა ვერაფერს გეტყვით. ნეიმარი „ბარსელონას“ დატოვებიდან ცოტა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ შეცდა. ამ ზაფხულს მეგონა, რომ თუ „ნეი“ ჩვენთან არ გადმოვიდოდა, კარიერას აუცილებლად მადრიდში გააგრძელებდა. მას პარიზის დატოვება სურდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფლორენტინო და რეალი მის გადაბირებას შეეცდებოდნენ. გამორიცხულია თუ არა ნეიმარის ტრანსფერი? როგორც პრეზიდენტმა მითხრა ამ ეტაპზე კი, თუმცა მომავალში მისთვის „ბარსელონას“ კარი ღია იქნება“.

მესი გრიზმანზე: „ბარსაში მოსვლა და თამაში ადვილი ნამდვილად არაა. შორიდან შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელიც „ბარსელონას“ საფეხბურთო ფილოსოფიას ბავშვობიდანვე არ ეუფლება, „კამპ ნოუზე“ თამაში ძალიან რთული გახლავთ. „ბარსელონაში“ მოსვლამდე გრიზმანი აბსოლუტურად სხვა სტილის მიმდევარ გუნდში თამაშობდა, თუმცა იგი მაღალი დონის მოთამაშეა და ეჭვი არ გვეპარება, რომ კლუბთან ადაპტაციას მოახერხებს. სიცრუეა ის, რომ გრიზმანის გადმოსვლა არ მესიამოვნა. მახსოვს ვამბობდი, რომ ანტუანი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ და ასეთ მოთამაშეებს „ბარსელონა“ ყოველთვის მიესალმება. მის ტრანსფერთან და მასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს მქონია“.

მესი „ბარსელონაში“ სამუდამოდ დარჩენაზე: „დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა „ბარსაში“ დარჩენაზე ვარ კონცენტრირებული“.

მესი სამომავლო გეგმებზე: „მე თუ მკითხავთ გეტყვით, რომ ჩემი მიზანი „კამპ ნოუზე“ დარჩენაა და ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები