ვენგერის უარი ინგლისურ კლუბებს:''არსენალის'' კაცი ვარ, ჩვენ ''ემირეითსი'' ავაშენეთ''
Aa
Aa

ვენგერის უარი ინგლისურ კლუბებს:''არსენალის'' კაცი ვარ, ჩვენ ''ემირეითსი'' ავაშენეთ''

ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი აღიარებს, რომ ლონდონის ''არსენალისადმი'' ერთგულების გამო სხვა ინგლისურ კლუბებს უარი უთხრა. 2018 წლის მაისში ''არსენალიდან'' წამოსვლის შემდეგ ვენგერს მწვრთნელის პოზიციაზე არ უმუშავია, თუმცა SkySports-თან საუბარში აღიარებს, რომ არაერთი წინადადება მიიღო.

''უპირველესად არსენალის კაცი ვარ და შემდეგ ვარ პროფესიონალი. მე არ შემიძლია მუშაობაზე უარი ვთქვა. 

გადავწყვიტე პრემიერლიგიდან წასვლა, რადგან მე ''არსენალთან'' ვარ დაკავშირებული. ''არსენალის'' დატოვების შემდეგ ინგლისში მუშაობის შანსი მქონდა, რამდენიმე წინადადება მივიღე, მაგრამ უარი ვთქვი. არ მინდა დაინტერესებული კლუბები დავასახელო, რადგან ამ კლუბებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობენ და მათთან მიმართებაში სამართლიანი არ ვიქნები.''

ვენგერის მთავარი მწვრთნელობისას ''მეთოფეებმა'' ჩემპიონთა ლიგის საგზური ზედიზედ ოცჯერ მოიპოვეს, თუმცა ვენგერის მოღვაწეობის დასკვნით ორ სეზონში ''არსენალმა'' ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა და ევროპა ლიგაზე თამაშს დასჯერდა.

2018 წლის ზაფხულში არსენ ვენგერი უნაი ემერიმ შეცვალა, თუმცა ესპანელის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში ''მეთოფეები'' პრემიერლიგის ოთხეულში ვერ მოხვდნენ.

''ვფიქრობ ნორმალურია, როცა ქომაგები უფრო მეტს ითხოვენ. ჩვენ ბევრი ტიტული მოვიგეთ და ავაშენეთ ''ემირეითსი.''

რთულია ახსნა ვითარება, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, როცა ''ემირეითსი'' შენდებოდა, რადგან კლუბის ფინანსური ბრუნვა დღეს ხუთჯერ მეტია.

როცა სტადიონის აშენება გადავწყვიტეთ, ჩვენი ფინანსური ბრუნვა 90 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, ხოლო სტადიონის აშენების ღირებულება 430 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. წნეხი არსებობდა, ამ პერიოდიდან გამოსვლა ჯანსაღ სიტუაციაში პატარა სასწაულია.''

ვენგერი ამჟამად ფიფაში მუშაობის ვარიანტს განიხილავს. შესაძლოა 69 წლის სპეციალისტი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები