შანხაის მასტერსი ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო! ქართველი მეორე წრეშია
Aa
Aa
6 ოქტომბერი 2019  |  11:48

შანხაის მასტერსი ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო! ქართველი მეორე წრეშია

შანხაის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში მოლდოველი რადუ ალბოტი 3 სეტში 4:6, 6:1 6:3 დაამარცხა.

მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ბასილაშვილმა შეხვედრა არადამაჯერებლად დაიწყო და საკუთარი მოწოდება დათმო, რის შემდეგაც მეტოქემ სეტი ბოლომდე მიიყვანა და 1:0 დაწინაურდა.

ამის შემდეგ ბასილაშვილმა თავისი თამაში აჩვენა და ალბოტს შანსი არ დაუტოვა. ნიკამ 2 საათსა და 12 წუთში გამარჯვება გაიფორმა და ქულები დაიცვა. როგორც მოგეხსენებათ, მას მინიმუმ პირველი ეტაპი უნდა დაეძლია.

ბასილაშვილი ალბოტს კარიერაში სულ ოთხჯერ შეხვდა და ყველა დაპირისპირება ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

მეორე წრეში მისი მეტოქე ბენუა პერისა და კვალიფიკანტის მატჩში გამარჯვებული იქნება.

მესამე რაუნდამდე მიღწევის შემთხვევაში ნიკა შესაძლოა ტურნირის მე-4 ნომერს დომინიკ ტიმს დაუპირისპირდეს.

შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 8,322,885$ გახლავთ. მისი მოქმედი გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია.

რამდენიმე დღის წინ პეკინის 500-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, წლევანდელ გათამაშებას მე-2 წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 3 სეტში დამარცხდა. შედეგად, ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში 455 ქულა დაკარგა, რის გამოც მსოფლიო კლასიფიკაციის 26-ე ადგილამდე დაეშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები