შანხაის მასტერსი იწყება - ბასილაშვილის მეტოქე და ბადე ცნობილია!
Aa
Aa
5 ოქტომბერი 2019  |  13:32

შანხაის მასტერსი იწყება - ბასილაშვილის მეტოქე და ბადე ცნობილია!

6-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით შანხაიში ATP-ის 1000-იანი სერიის მასტერსი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-15 ნომრად იქნება განთესილი. უკვე ცნობილი გახდა ნიკას პირველი მეტოქის ვინაობა.

ბასილაშვილი პირველ რაუნდში მოლდოველ რადუ ალბოტს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 45-ეა.

29 წლის ალბოტს ბასილაშვილი აქამდე 3-ჯერ შეხვდა და სამივეჯერ დაამარცხა. ნიკას ქულების დასაცავად პირველი ეტაპის დაძლევა აუცილებლად სჭირდება.

თუ, ბასილაშვილი მოლდოველის ბარიერს დაძლევს მისი მეტოქე ბენუა პერისა და კვალიფიკანტის მატჩში გამარჯვებული იქნება.

მესამე რაუნდამდე მიღწევის შემთხვევაში ნიკა შესაძლოა ტურნირის მე-4 ნომერს დომინიკ ტიმს დაუპირისპირდეს.

შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 8,322,885$ გახლავთ. მისი მოქმედი გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია.

რამდენიმე დღის წინ პეკინის 500-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, წლევანდელ გათამაშებას მე-2 წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 3 სეტში დამარცხდა. შედეგად, ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში 455 ქულა დაკარგა, რის გამოც მსოფლიო კლასიფიკაციის 26-ე ადგილამდე დაეშვა. 

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილისა და ალბოტის შეხვედრა 7 ოქტომბერს თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები