ბასილაშვილმა პეკინში ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო
Aa
Aa
1 ოქტომბერი 2019  |  13:18

ბასილაშვილმა პეკინში ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მამაკაცთა 500-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, რომელზეც მოქმედი ჩემპიონის რანგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი მატჩი მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა არგენტინელ გუიდო პელას, რომელსაც კარიერაში მეორედ ხვდებოდა, ორ სეტში აჯობა. ნიკამ პირველი პარტია 1 ბრეიკით მოიგო, მეორე სეტის ბედი კი ტაიბრეიკზე გადაწყვიტა - 6:4; 7:6.

ჩვენმა თანამემამულემ 7 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 38-დან 33 (87%), ხოლო მეორეზე 36-დან 19 (53%) ქულა მოიგო. 8-დან 7 ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი 9-დან 2 შანსი გამოიყენა.

ბასილაშვილი შემდეგ რაუნდში სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც სერბ დუშან ლაიოვიჩს 3 სეტში მოუგო. ურთიერთშეხვედრებში ციციპასი 1:0-ს იგებს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ წელს პეკინის ტურნირის მიმდინარეობისას ჯეკ სოკი, ფერნანდო ვერდასკო, მალეკ ჯაზირი და კაილ ედმუნდი დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი ხუან მარტინ დელ პოტროს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები