Aa
Aa

შმეიხელი: "პოგბა პრობლემური ბავშვია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა გოლკიპერმა, პიტერ შმეიხელმა “არსენალთან“ მატჩის შემდეგ პოლ პოგბა გააკრიტიკა და მას „პრობლემური ბავშვი“ უწოდა.

როგორც მოგეხსენებათ გუშინ „წითელმა ეშმაკებმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მეთოფეებს“ უმასპინძლეს და ფრეს დასჯერდნენ. უნაი ემერის გუნდთან ჯახში ფრანგ ფეხბურთელს თავი არაფრით გამოუჩენია და შმეიხელი თვლის, რომ ოლე გუნარ სულშერმა რეფორმები უნდა გაატაროს.

„არსენალთან პოგბა ძალიან უკან იყო დახეული და სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები მას მანჩესტერში რა ფუნქციები აკისრია. მატჩის მიმდინარეობისას სულშერმა ცვლილებები გააკეთა და პოგბა წინ წასწია, მაგრამ ყველაფერი ისევ ისე დარჩა. პოგბას ორ ჩინებულ გადაცემას არავინ უკარგავს, მაგრამ საუბარი მხოლოდ 2 კარგ პასზე გვაქვს და არა 15-ზე. ჩემი აზრით ეს სერიოზული პრობლემაა და პოგბა მანჩესტერის პრობლემურ ბავშვად იქცა“.

„როცა გყავს ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია და გაზეთები მასზე ხშირად წერენ, აუცილებელია ყველამ იცოდეს გუნდში მას რა ფუნქცია აკისრია. პირადად მე ნამდვილად ვერ ვხვდები მანჩესტერში პოგბას რა როლი აქვს“.

„არსენალთან მატჩის პირველ ტაიმში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს პოლი იმალებოდა და თანაგუნდელებისგან ბურთს არ ითხოვდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარა“.

„აშკარაა, რომ პოგბა ისე ვერ თამაშობს, როგორც შარშან. სწორედ ამიტომ გუნდში ცვლილებებია საჭირო და პირველ რიგში ფრანგი ფეხბურთელის ფუნქციების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები