Aa
Aa

უკვე "ინტერის" ისტორიაში! - კონტეს რეკორდი

ანტონიო კონტე „ინტერის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი საწყისი 5 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

„ნერაძურიმ“ სერია A-ს მე-5 ტურის ეგიდით, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ უმასპინძლა და დანილო დ’ამბროზიოს გოლით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ „კონტისიმემ“ კომენტარი Sky Italia-სთან გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„შეგვიძლია, შეხვედრა ორ ნაწილად გავყოთ - პირველ ტაიმში ჩვენი თამაშით ბედნიერი სულაც არ დავრჩი, აი რაც შეეხება მეორე ნახევარს, გაცილებით აგრესიულად ვმოქმედებდით და მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით.

გოლის შემდეგ „ლაციომ“ რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რისთვისაც მადლობა სამირ ჰანდანოვიჩს უნდა ვუთხრათ, რომელმაც საჭირო ეპიზოდებში ბრწყინვალედ ითამაშა.

ხასიათი გამოვავლინეთ და მეორე ტაიმში შეხვედრის მიმდინარეობას ჩვენ ვკარნახობდით. თუმცა, საგოლე მომენტების უკეთესად რეალიზება გვმართებდა.

ძალიან ძლიერ მეტოქესთან რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ისინი ოთხი წელია ძირითად ბირთვს ინარჩუნებენ და შემიძლია ვთქვა, რომ წინა სეზონთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერები არიან.

ზედიზედ 5 მატჩის მოგება შემთხვევითობა არაა და გუნდს ახლა სწორი მენტალობა აქვს, თუმცა ზრდა და განვითარება აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ“.

„ინტერს“ იტალიის ჩემპიონატი 2010 წლის შემდეგ არ მოუგია, წელს კი მას სპეციალისტები ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად თვლიან. „შავ-ლურჯები“ სერია A-ს უდანაკარგოდ ლიდერობენ და „იუვენტუსს“ 2 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები