Aa
Aa

ფრენკ ლამპარდის ანტირეკორდი

ფრენკ ლამპარდის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება საშინლად დაიწყო. „არისტოკრატებმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ვალენსიას“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

„ლურჯები“ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ესპანელთა კარი ვერა და ვერ აიღეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 74-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი როდრიგო გახლდათ.

მატჩის მიწურულს „ლურჯებს“ ქულის გადარჩენის შანსი მიეცათ. 87-ე წუთზე „ვალენსიას“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა როს ბარკლიმ ბურთი ტრიბუნებზე გაგზავნა.

„ღამურებთან“ მარცხის შემდეგ ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ ისტორიაში პირველი თავკაცი გახდა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში დამარცხდა. „ლურჯების“ ბოლო 11 მთავარი მწვრთნელიდან ათმა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით გახსნა, ერთი კი ფრეს დასჯერდა. ეს უკანასკნელი ჯანლუკა ვიალია, რომელმაც „ჩელსის“ 1999 წელს ვერ მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ „არისტოკრატებმა“ ჩემპიონთა ლიგის გახსნითი მატჩი ისტორიაში მეორედ წააგეს. ბოლოს ასეთი რამ 2013-14 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა ლონდონელებმა „ბაზელის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს.

მსგავსი სიახლეები