მოჯი: "სარი ფეხბურთისთვის ცუდი მოვლენაა"
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მმართველმა დირექტორმა, ლუჩიანო მოჯიმ, გუნდის ამჟამინდელი თავკაცი, მაურიციო სარი გააკრიტიკა და მას ფეხბურთისთვის ცუდი მოვლენა უწოდა.
მოჯის განცხადებით, სარი ამ სპორტს ძალიან ცუდ სამსახურს უწევს, რადგან რომელ გუნდშიც არ უნდა წავიდეს, ყველგან სრულიად ახალ სათამაშო სტილს ნერგავს.
"მას აქვს ჩვევა, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ცვლილებები მოძებნოს. ეს ფეხბურთისთვის ცუდია და კონტემ სრულიად მართებული კომენტარი გააკეთა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თამაშის შეცვლას, კონკრეტული ფეხბურთელების დადებითი კუთხით შეცვლა სჯობდა, რასაც ის არ აკეთებს.
"იუვენტუსს" გუნდში დიდი ჩემპიონები ჰყავს, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, მაგრამ მათი თამაში არ უნდა შეიცვალოს.
ალეგრის "ბიანკონერიდან" წასვლის მიზეზი ეპოქის დასრულებაა, გუნდში სურდათ, რომ რაღაც შეეცვალათ და უფრო მეტად შემტევ ფეხბურთზე გაეკეთებინათ აქცენტი.
რაც შეეხება მიმდინარე ჩემპიონატის ფავორიტებს, მათ შორის "იუვეს", "ინტერსა" და "ნაპოლის" დავასახელებდი. ნეაპოლელები საკმაოდ მოძლიერდნენ და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ". - აცხადებს მოჯი.
82 წლის ფუნქციონერი 80-იან წლებში "ნაპოლიში" მუშაობდა, 1994-2006 წლებში კი "იუვენტუსის" მმართველი დირექტორი გახლდათ.
"სათვალიანი გენიოსი" 2006 წელს სკანდალში გაეხვა და "კალჩოპოლში" მისი ბრალეულობის გამოკვეთის გამო, ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს.