Aa
Aa

"ბარსელონა" "ვალენსიას" მატჩის წინ - რა სჭირს მესის? ტრავმა, რომელზეც ის თავად საუბრობდა

ლა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი „კამპ ნოუზე“ გაიმართება. „ბარსა“ „ვალენსიას“ უმასპინძლებს და როგორც ირკვევა კვლავ მესის გარეშე.

ესპანეთში ამ მატჩის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია. „ღამურები“ ბარსელონაში ახალი მწვრთნელით ჩაფრინდებიან.

კლუბმა მარსელინიო გარსია თანამდებობიდან დაითხოვა და მის ადგილას „ბარსასა“ და „რეალის“ ყოფილი მოთამაშე ალბერტ სელადესი დანიშნა.

რა თქმა უნდა, „კამპ ნოუზე“ თამაშის წინ მწვრთნელის შეცვლა კარგი გადაწყვეტილება ვერ არის, მაგრამ მარსელინიოსა და კლუბის ბორდს უთანხმოება ჰქონდათ.

რაც შეეხება კატალონიელთა ტრავმირებულთა სიას. სრული დატვირთვით ვარჯიშობს ლუის სუარესი, რომელიც სავარაუდოდ განაცხადში მოხვდება, თუმცა გუნდს გარისკვა არ სურს და „ელ პისტოლერომ“ შესაძლოა მაინც არ ითამაშოს.

კვლავ ტრავმირებულია მესი, რომლის დაბრუნებას ყველა სანაკრებო პაუზის შემდეგ ელოდა, მაგრამ არგენტინელის აღდგენითი პროცესი გეგმაზე უარესად მიმდინარეობს.

მესი ვარჯიშებისას დისკომფორტს კვლავ გრძნობს. ბუნებრივია ვალვერდესა და მედშტაბს გარისკვა არ უნდათ. ესპანური Sport-ი წერს, რომ ლეოს თამაში ჩემიონთა ლიგაზე „დორტმუნდის“ წინააღმდეგაც საეჭვოა.

ამ ამბავში ყველაზე უცნაური „ბარსელონას“ ქმედებაა. სანაკრებო პაუზამდე, ანუ დაახლოებით 2 კვირის წინ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ მესი მოედანს კიდევ 1 თვით ვერ დაუბრუნდებოდა, მაგრამ „ბლაუგრანამ“ ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.

ამის შემდეგ ითქვა, რომ მესი „ვალენსიასთან“ აუცილებლად ითამაშებდა, ახლა კი ვხედავთ, რომ მას ისევ ტრავმა აქვს. ისმის კითხვა - რატომ უარყო კლუბმა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც როგორც ჩანს სწორი იყო...

გასული სეზონის ბოლოს, მაისში მესიმ ასეთი რამ თქვა: „იანვრიდან მოყოლებული მცირე ტრავმა მაქვს, დისკომფორტი მაწუხებს, თუმცა მას ვაკონტროლებ და სათამაშოდ სულ მზად ვარ.

მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი დრო მქონდა დასასვენებლად. ეს იყო ერთ-ერთი ის სეზონი, რომელშიც ყველაზე ცოტა ვითამაშე”.

როგორც ჩანს ლეოს თავი ძველმა პრობლემამ შეახსენა. ჯერჯერობით ოპერაციაზე საუბარიც კი არ ყოფილა, თუმცა მსგავსი ქრონიკული ტრავმა, რომელიც ამდენი თვეა სრულად არ შუშდება პრობლემებს ქმნის და ეს შესაძლოა გაცილებით დიდ პრობლემადაც იქცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები