ჯანი:
Aa
Aa

ჯანი: "მათ პირობა მომცეს, თუმცა..." - გერმანელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვეს

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის განაცხადი დაასახელა, რომელშიც მარიო მანჯუკიჩი და ემრე ჯანი ვერ მოხვდნენ. გერმანელი ფეხბურთელი პრესასთან უკმაყოფილებას არ მალავს და აცხადებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბში მას სხვა რამეს დაჰპირდნენ.

"უკიდურესად შოკირებული ვარ. ამ ამბის შემდეგ კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მათგან ვერანაირი ახსნა ვერ მოვისმინე, რამაც ძალიან გამაბრაზა და გამანაწყენა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემს დასკვნებს გამოვიტან და მათ დაველაპარაკები. 

პსჟ ჩემით ინტერესდებოდა, თუმცა გასულ კვირას მათგან გარკვეული პირობები მივიღე, რის გამოც "იუვენტუსში" დარჩენა გადავწყვიტე. ეს პირობა იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში უნდა ვყოფილიყავი". - განუცხადა გერმანულ გამოცემა Spox-ს 25 წლის ნახევარმცველმა.

ჯანი "იუვეს" რიგებში გასულ ზაფხულს გადავიდა და მასიმილიანო ალეგრის ფორმაციაში საჭირო ფეხბურთელი იყო, თუმცა სარის გუნდში მისვლამ მისი სტატუსი შეცვალა და მეორეხარისხოვან ფეხბურთელად აქცია.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში ჯორჯო კიელინის გვარიც არ ფიგურირებს, რადგან ვეტერანი უკანახაზელი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები