Aa
Aa

ნადალის 4-სეტიანი გამარჯვება, ქალთა თანრიგმა მოქმედი ჩემპიონი და პირველი ჩოგანი დაკარგა...

ნიუ იორკში მიმდინარე ამერიკის ღია პირველობაზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. მამაკაცთა შორის ტურნირს გამოეთიშნენ ალექსანდრ ზვერევი და ანდრეი რუბლევი. ზვერევმა დიეგო შვარცმანს პირველი სეტი მოუგო, თუმცა შემდეგი 3 პარტია ზედიზედ დათმო და მეოთხედფინალში არგენტინელი ითამაშებს. რაც შეეხება რუბლევს, იგი იტალიელ მატეო ბერეტინისთან პრაქტიკულად უშანსოდ - 1:6; 4:6; 6:7 დამარცხდა. იოლი გამარჯვება იზეიმა გაელ მონფილსმა, რომელმაც ესპანელ პაბლო ანდუხარ-ალბას 6:1; 6:2; 6:2 აჯობა.

დღის ცენტრალური შეხვედრა ტურნირის ორ ექს-ჩემპიონს: რაფაელ ნადალსა და მარინ ჩილიჩს შორის ჩატარდა. ესპანელმა პირველი სეტი მოიგო, ხორვატმა კი შემდეგ პარტიაში წონასწორობა აღადგინა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ჩილიჩის მაქსიმუმი იყო და მან დარჩენილ ორ სეტში „მატადორს“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. ნადალმა კორტზე დომინაცია ჩვეულ სტილში გააგრძელა და თამაში 2 საათსა და 52 წუთში - 6:3; 3:6; 6:1; 6:2-ით დაასრულა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ნადალი დიეგო შვარცმანს შეხვდება, გაელ მონფილსის მეტოქე კი მატეო ბერეტინი იქნება.

ქალთა თანრიგში გამართული დღის პირველი მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ხორვატმა დონა ვეკიჩმა გერმანელ იულია გერგესს პრაქტიკულად წაგებული თამაში შეუტრიალა.

გერგესი მეორე სეტში მატჩზე აწვდიდა და მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა ვეკიჩმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და თამაში გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა, სადაც უკვე თავად უკეთესად თამაშობდა, რაც საბოლოო შედეგზე აისახა - 6:7; 7:5; 6:3.

მამაკაცთა მსგავსად, ქალთა გათამაშებაც მსოფლიოს პირველი ჩოგნისა და მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი ბელინდა ბენჩიჩია, რომელმაც WTA-ს პირველ ნომერ ნაომი ოსაკას დაძაბული ორსეტიანი შეხვედრა მოუგო - 7:5; 6:4. ოსაკა ტურნირის გასული სეზონის გამარჯვებულია, რის გამოც რეიტინგში 1760 ქულა დააკლდება და პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. პირველ პოზიციას ეშლი ბარტი დაიკავებს, მეორე პოზიციაზე კი კაროლინა პლიშკოვა აღმოჩნდება.

იოლი გამარჯვება იზეიმა ბელგიელმა ელიზ მერტენსმა, რომელმაც ამერიკელ კრისტი ანს 6:1; 6:1 აჯობა. გაცილებით რთული შეხვედრის ჩატარება მოუწია კანადელ ბიანკა ანდრეესკუს. მერტენსის მსგავსად, ისიც ერთ-ერთ მასპინძელ ჩოგბურთელს, სიმონა ჰალეპის დამმარცხებელ ტეილორ ტაუნსენდს, ხვდებოდა.

ანდრეესკუმ პირველი და ბოლო სეტი სათავისოდ წარმართა და წარმატებასაც სწორედ ამის ხარჯზე მიაღწია - 6:1; 4:6; 6:2.

ანდრეესკუ და მერტენსი მეოთხედფინალში ერთმანეთზე გავიდნენ, მეორე მხარეს კი ნახევარფინალის საგზურისთვის დონა ვეკიჩი და ბელინდა ბენჩიჩი იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები