ოფიციალურად: კალინიჩი -
Aa
Aa

ოფიციალურად: კალინიჩი - "რომაში", კიაერი - "ატალანტაში"

ისევე როგორც სხვა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, იტალიაშიც სატრასფერო ფანჯარა დღეს საღამოს იხურება და, ბუნებრივია, გარიგებების სიმრავლეც შეინიშნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, "რომამ" ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერი დახურა და იგი "ატლეტიკოსგან" 1-წლიანი იჯარით აიყვანა, სეზონის დასრულების შემდეგ კი შეეძლება, ტანმაღალი ხორვატი 8 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

კალინიჩი იტალიას ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, იგი გასულ ზაფხულს "ატლეტიკოში" "მილანიდან" გადავიდა, იქამდე კი 2015-2017 წლებში ფლორენციის "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ "ჯალოროსიმ" რამდენიმე საათის წინ ჰენრიხ მხითარიანიც დაიმატა, რომელიც უკვე რომში იმყოფება და "გლადიატორთა" რიგებს იჯარის წესით შეუერთდა.

ასევე ახლახანს დადასტურდა, რომ რომაელები თავიანთ ჩეხ ფორვარდ პატრიკ შიკს "ლაიფციგს" დაუთმობენ. ნიჭიერი შემტევი "რედ ბულ არენაზე" პირველ სეზონს იჯარით გაატარებს, რისთვისაც "რომა" 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, სეზონის ბოლოს კი გერმანულ მხარეს შიკის 28 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.

საინტერესო ამბები დატრიალდა ბერგამოს "ატალანტას" თავს, რომელმაც 3 კვირის წინ შეძენილ მარტინ შკრტელთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით დღეს შეწყვიტა და ფანჯრის დახურვამდე ცენტრალური მცველის გადაბირების აუცილებლობა დაუდგა.

"შავ-ლურჯებმა" ანდალუსიურ "სევილიას" საიმონ კიაერის ტრანსფერის თაობაზე მიმართეს და მოლაპარაკებები სწრაფი ტემპებით წარმართეს. 

კლუბებმა შეთანხმებას რამდენიმე საათში მიაღწიეს და "ატალანტამ" 30 წლის დანიელი უკვე საკუთარ ფეხბურთელად გამოაცხადა. გამოცდილი უკანახაზელი "ატლეტი აძური დ'იტალიაზე" 1-წლიანი მშრალი იჯარით გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები