გადაწყვეტილია: რებიჩი - "მილანში", ანდრე სილვა - "აინტრახტში"
„მილანმა“ და ფრანკფურტის „აინტრახტმა“ ანტე რებიჩისა და ანდრე სილვას ტრანსფერებზე მოილაპარაკეს. რებიჩი „როსონერის“ შეუერთდება, სილვა კი კარიერას ფრანკფურტში გააგრძელებს.
იტალიური პრესის ცნობით, ორივე ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარისა და გამოსყიდვის უფლებით გადაბარგდება, გარიგებათა ფასებიც იდენტური იქნება - 25-30 მილიონი ევრო. შესაბამისად, ისე გამოდის, რომ გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალეს.
რებიჩი ლომბარდიის მთავარ ქალაქში წუხელ ჩავიდა და პრესასთან პირველი კომენტარიც გააკეთა. იგი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „შავ-წითლებთან“ ხელშეკრულებას გააფორმებს. სილვას კი ფრანკფურტში დღეს ელოდებიან, სადაც ის ტრანსფერის ფორმალურ დეტალებს ადგილზე მოაგვარებს.
ანტე რებიჩი 2013-2018 წლებში ფლორენციის „ფიორენტინას“ ეკუთვნოდა და „აინტრახტმა“ ის გასულ ზაფხულს 2 მილიონ ევროდ გამოისყიდა. რაც შეეხება სილვას, მილანელებმა მის ტრანსფერში 2017 წელს 38 მილიონი ევრო გადაიხადეს.